ნათია თურნავა – აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების მემორანდუმის გაფორმებით, გლობალური, სანდო და სოლიდური ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი გავხადეთ ჩვენი ტელესაკომუნიკაციო სფერო

region
ავტ.: region იანვარი 14, 2021 21:37

ნათია თურნავა – აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების მემორანდუმის გაფორმებით, გლობალური, სანდო და სოლიდური ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი გავხადეთ ჩვენი ტელესაკომუნიკაციო სფერო

აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმზე ხელმოწერა ონლაინრეჟიმში გაიმართა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმის ხელმოწერით, საქართველო მიუერთდა ინიციატივას „ქლინ ნეტვორკ“ (Clean Network), რაც, თავის მხრივ, ხაზს უსვამს სანდო მომწოდებლებისგან 5G ქსელის უსაფრთხოებისათვის საჭირო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების გამოყენებას, მოქალაქეთა კონფიდენციალურობისა და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე არასანქცირებული წვდომისგან დაცვას და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

„მემორანდუმზე ხელმოწერით ჩვენ შევუერთდით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ინიცირებულ „ქლინ ნეთვორქს“, რომელშიც გაერთიანებულია 60-ზე მეტი სახელმწიფო, მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ახლა საქართველოც გახდა ამ ოჯახის წევრი“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ.

მინისტრის განმარტებით, ინიციატივა შეეხება ქვეყნებში 5G ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, გარკვეული კრიტერიუმების დაწესებას იმ კომპანიებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, რომლებიც შემოვა ქვეყანაში.

„ეს არის ინიციატივა, რომელიც ერთობლივად უზრუნველყოფს ამ სფეროში უსაფრთხოებას, სანდო ინვესტორების შემოსვლას. ამ ინიციატივაზე მიერთებით ჩვენ უფრო მიმზიდველი გავხადეთ გლობალური, სანდო და სოლიდური ინვესტორებისთვის ჩვენი ტელესაკომუნიკაციო სფერო. თქვენ იცით, რომ სახელმწიფო, მთავრობა ძალიან ბევრ რამეს აკეთებს, რათა საქართველოში განვითარდეს ინტერნეტიზაცია, ინტერნეტტექნოლოგიები, მათ შორის, დაწყებული გვაქვს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი. ძალიან ბევრი რამ კეთდება იმისთვის, რომ ახალი სტარტაპები, ახალი ტექნოლოგიები იყოს მხარდაჭერილი და ახლა უკვე ამას გავაკეთებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ერთად ისე, რომ უსაფრთხოება და ხარისხიანი, სანდო ინვესტიციები იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ქით ქროქი, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები – გენადი არველაძე და აკაკი საღირაშვილი, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გიორგი ციკოლია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

მემორანდუმში ხაზგასმულია აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა მეხუთე თაობის უსადენო საკომუნიკაციო ქსელების (5G) განვითარების მიმართულებით. მემორანდუმის თანახმად, 5G იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას აპლიკაციების ფართო სპექტრი, მათ შორის, რომლებიც გამოყენებული იქნება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მომსახურების მისაწოდებლად, რაც სარგებელს მოუტანს ორი ქვეყნის მოქალაქეებსა და ეკონომიკებს.

აშშ-ისა და საქართველოს მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტს საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

region
ავტ.: region იანვარი 14, 2021 21:37

Google სტატისტიკა


5,154
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics