ნათია მეზვრიშვილი – როდესაც ვსაუბრობთ, რომ 3 ადამიანზე მეტი ვერ ჩაჯდება სატრანსპორტო საშუალებებში, ეს ნიშნავს, რომ ვერ ჩაჯდება, ვერც სრულწლოვანი და ვერც არასრულწლოვანი

როდესაც ვსაუბრობთ, რომ 3 ადამიანზე მეტი ვერ ჩაჯდება სატრანსპორტო საშუალებებში, ეს ნიშნავს იმას, რომ ვერ ჩაჯდება, ვერც მოზარდი, ვერც სრულწლოვანი და ვერც არასრულწლოვანი , – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ცხელ ხაზზე შემოვიდა საკმაოდ ბევრი შეტყობინება ამ საკითხთან დაკავშირებით.

„ძალიან ბევრი კითხვა დაისვა, მსუბუქი ავტომობილებით როგორ უნდა გადაადგილდნენ დღის მანძილზე მოქალაქეები, როგორც დღის განმავლობაში, ასევე ე.წ. კომენდანტის საათის პირობებში. მთავრობის დადგენილება, ახალი რეგულაციები, გაცილებით უფრო მკაცრი რეგულაციები და გუშინ, პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა და მეც კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი გამოვაცხადეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი აკრძალვების მიხედვით, 3 ადამიანზე მეტი ავტომანქანაში ვერ იჯდება“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ყველაფერი გარკვეულ უსიამოვნო პროცესებთან არის დაკავშირებული და გასაგებია, რომ მოქალაქეებს ექმნებათ გარკვეული დაბრკოლებები, მაგრამ ამას უნდა მოვეკიდოთ გაგებით იმიტომ, რომ ეს ყველაფერი კეთდება ისევ და ისევ მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დასაცავად.

„ბევრი კითხვა დაისვა, რომ მაგალითად, ოჯახში გვყავს 3, 4 შვილი და როგორ გადავადგილდეთ? უნდა გადავადგილდეთ და ისე უნდა დავგეგმოთ ეს პროცესი, რომ მანქანაში 3-ზე მეტი ადამიანი არ იჯდეს. ეს, პირველ რიგში, კეთდება იმ არასრულწლოვნების ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე. საუბარია ნებისმიერი ასაკის ბავშვზე.

გამონაკლისი იქნება ესეთი შემთხვევები, მათ შორის დასაშვებ ფარგლებში გადაადგილებაც. კარგი იქნება, თუ გადაადგილებებით არ დავკავდებით და მაქსიმალურად დავრჩებით სახლში“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი – 21:00 საათიდან გადავდივართ ე.წ. კომენდანტის საათზე, მოვუწოდებ მოქალაქეებს, აუცილებლად იქონიონ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობები
შემდეგი სტატიარესპუბლიკური საავადმყოფოს შვიდ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა