„ნაცმოძრაობის“ წევრი – ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს „ოცნების“ მაღალჩინოსნებთან აქვთ ნათესაური კავშირი

ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა წითლიძე საოლქო კომისიების ნეიტრალური ადამიანებით დაკომპლექტებას ითხოვს. ის კომისიის წევრებს ნეპოტიზმში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ხუთივე წევრს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან ნათესაური კავშირი აქვთ, ან თავად არიან მმართველი პარტიის წევრები.

„ზუგდიდში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, არჩევნებს ატარებს თამარ ჟვანია და „ქართული ოცნება“. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი არის ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას შვილის ნათლია, მისი მოადგილე ნანა ოყუჯავა ზუგდიდის მერის ლაშა გოგიას შვილის ნათლიაა, ერთ-ერთი კომისიის წევრი ნანა შენგელია მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ნათესავია, თითოეული მათგანი წარმოადგენს მხარეს და ატარებს „ქართული ოცნების“ ინტერესებს. ჩვენ ვითხოვთ მათ გადადგომას, რადგან ისინი გაყალბებისთვის ემზადებიან“, – აცხადებს ანა წითლიძე.

თავის მხრივ, ბრალდებებს უარყოფს 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი. ის თამარ ჟვანიასთან ნათესაურ კავშირს არ უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ ეს მის სამსახურთან კავშირში არ არის.

„საოლქო საარჩევნო კომიისის შემადგენლობაში ნათესაურ კავშირებს არ ვარკვევ. ზუგდიდი პატარა ქალაქია და ყველა ერთმანეთის ნათესავია. 2016 წელს ეს კომისია აირჩა სახელობითი კენჭისყრით ხმათა უმრავლესობით. რაც შემეხება მე, ამ სფეროში ვარ 2010 წლიდან, და აქ მხოლოდ ჩემი პროფესიონალიზმის გამო ვმუშაობ. ხუთივე წევრი დამოუკიდებელია თავის გადაწყვეტილებაში და ეს არის უბრალოდ ჩვენ წინააღმდეგ აგორებული კამპანია“, – განუცხადა ჟურნალისტებს მირანდა მესხმა.

banner
წინა სტატიაში51-ე სკოლის დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს