„ნაციონალური მოძრაობა“ ფრაქციის ფორმატში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე უარს ამბობს

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 12, 2020 12:09

„ნაციონალური მოძრაობა“ ფრაქციის ფორმატში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე უარს ამბობს

„ნაციონალური მოძრაობა“ ფრაქციის ფორმატში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე უარს ამბობს. როგორც ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა, მათი გადაწყვეტილების მიზეზია ის, რომ დოკუმენტი ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ვერ პასუხობს და მის განხილვას აზრი არ აქვს.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ყველა დაპირებას ბიუჯეტი ამხელს, „რომელიც დამყარებულია კონკრეტულ რიცხვებზე, ეს რიცხვები კი ღაღადებენ იმას, რომ ამ ბიუჯეტის მქონე ქვეყანა იქნება მუდმივ სიღატაკეში, მოხდება მუდმივი ფასების ზრდა, ჩამოშლილი იქნება ლარი და ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი მოხმარდება ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ბიზნესს“.

„ეს ბიუჯეტი არ იქნება მომავალი წლისთვის, შეიცვლება ხელისუფლება, ახალი ბიუჯეტი იქნება, ის ბიუჯეტი, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკურ სტაბილურობას დაამყარებს. ამ ბიუჯეტის განხილვას აზრი არ აქვს. ბიუჯეტის შენიშვნებს 16 ოქტომბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გავაგზავნით. დღეს განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებთ, რადგან მათი ბიუჯეტი ნახევარფაბრიკატია. მასში ჯანდაცვის ხარჯებიც კი არ არის მოცემული. ველოდებით, პანდემიასთან დაკავშირებით პროცესები როგორ განვითარდებაო – კატასტროფული მიმართულებით განვითარდა, დღეში 500 ინფიცირებული და რამდენიმე გარდაცვლილია. ნუთუ, პროგნოზის გაკეთება ძნელია, რომ პირველ რიგში საჭირო იყო ხუთი მილიარდი მოხმარებოდა ჯანდაცვის სფეროს გაძლიერებას და ეკონომიკის ფეხზე დაყენებას. მოგებული დრო იმ პროცესების ალაგმვას უნდა მოხმარებოდა, რასაც სამწუხაროდ დღეს ვხედავთ, როცა ქვეყანაში ლარი ჩამოიშალა და გაიქცა ვირუსი, რეალურად, უკონტროლო ვითარებაა. მის განხილვას არავითარი აზრი არ აქვს”, – განაცხადა გოცირიძემ.

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 12, 2020 12:09