“ნაციონალების” მაქებარი დირექტორები “ოცნების” სამსახურში -როგორ ემზადებიან გურიაში ხვალინდელი აქციისთვის

რეგიონებში “ქართული ოცნება”  დიდ სამზადისშია -მმართველმა პარტიამ ხვალ, თბილისში, თავისუფლების მოედანზე რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა მოუყაროს თავი.

წასასვლელად ემზადებიან გურიაშიც. როგორც გავარკვიეთ,  გურიის გუბერნიიდან გაცემული ბრძანების თანახმად, თითო სკოლიდან მინიმუმ 10 პედაგოგი უნდა წავიდეს. დეტალების გადამოწმება გურიის გუბერნატორთან შეუძლებელი აღმოჩნდა _ ზურაბ ნასარაია მედიას ემალება. ჟურნალისტებთან არ კონტაქტობს არც მისი მოადგილე, ქეთევან მოისწრაფეშვილი, რომელიც, როგორც გვითხრეს პირადად გადიოდა იმ პედაგოგების სიებს, რომლებიც ხვალ აქციაზე უნდა წაიყვანონ.

ამ ინფორმაციას უარყოფს ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელი შორენა სიხარულიძე. მისი თქმით, დავალება არავისგან მიუღია და შესაბამისად უცნობია, რომელი სკოლიდან რამდენი ადამიანი მიდის.

დავალებების გაცემას უარყოფს ჩოხატაურის მერი. ირაკლი კუჭავას თქმით, თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაზე ადამიანები საკუთარი სურვილით მიდიან და არავისთვის არაფერი დაუძალებიათ.

იგივეს ამბობენ ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და “ქართული ოცნების” ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე.

-ბევრს უნდა წამოსვლა, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვახერხებთ ყველას სურვილის დაკმაყოფილებას. ერთი ადამიანი მაინც მომიყვანეთ, ვინც იტყვის, რომ წამოსვლა დავაძალეთ, _ გითხრა ჭანუყვაძემ.

საჯარო საუბრებში  არავინ ამბობს, რომ მმართველი პარტია თბილისში წასვლას აიძულებს, თუმცა, პირად საუბრებში სკოლის პედაგოგები არ მალავენ, რომ ასეთი დავალება  მიიღეს.  სკოლის დირექტორები დავალების მიმცემ პირებს არ ასახელებენ და ერთნაირ მესიჯბოქს გვეუბნებიან _ “შემოგვთავაზეს, მოგვეწონა და დავთანხმდით”.

– საკრებულოდან შემატყობინეს, რომ სოფლიდან ბევრი ადამიანი მიდიოდა და თუ გვქონდა სურვილი, რომ ჩვენც წავსულიყავით. ვუთხარი პედაგოგებს და 10-მა ადამიანმა გამოთქვა სურვილი. არავისთვის არაფერი დამიძალებია, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის დირექტორმა მზია ვაშალომიძემ.

– ქალბატონო მზია, მახსოვს ზუსტად ასე მპასუხობდით 2012 წელს, როცა ხელისუფლებაში მყოფი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ აქციაზე მიდიოდით…. ისიც მახსოვს, იმდროინდელ ინფრასტრუქტურის მინისტრს რამაზ ნიკოლაიშვილს ლექსებს უძღვნიდით… ახლა რა შეიცვალა, თქვენი პოლიტიკური შეხედულებები თუ ?

-რამაზ ნიკოლაიშვილს ლექსი იმიტომ მივუძღვენი, რომ ჩემი სოფლისთვის ბევრი კარგი რამ აქვს გაკეთებული. რაც შეეხება ახლანდელს, პოლიტიკური შეხედულებების გამო არ მივდივარ თბილისში _ მივდივარ იმისთვის, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წინამძღოლი ქვეყანა და ამის აღსანიშნავ ზეიმზე მივდივარ… არანაირ პარტიულ ღონისძიებაზე არ მივდივარ

– და ამ გზას რომ “ქართული ოცნება” აფინანსებს როგორ გამოდის აპოლიტიკური ღონისძიება?

– მე მხოლოდ მათი ტრანსპორტით მივდივარ. მეტი არაფერი.

-რომ დავაზუსტოთ, “ქართული ოცნების” მხარდამჭერი არ ხართ და მხოლოდ ზეიმზე დასასწრებად მიდიხართ?

-ვისი მხარდამჭერი ვარ და ვისი არა, ამას ჩემთვის დავიტოვებ. არ მითქვამს, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი არ ვარ და არც ის მითქვამს, რომ ვარ. ამას ჩემთვის დავიტოვებ, -გვითხრა მზია ვაშალომიძემ.

ვაშალომიძისგან განსხვავებით “ქართული ოცნების” მხარდაჭერა ღიად დააფიქსირა ქვედა ბახვის საჯარო სკოლის დირექტორმა დოდო გუთუამ.

-მე ვარ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი და თანამოაზრეებთან ერთად მივდივარ, რომ აღვნიშნო ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა. ეს არის ხმა ევროპისკენ, სვლა ევროპისკენ. ეს არის უდიდესი ზეიმი ჩვენი ქვეყნისთვის, -ჩააზუსტა გოთუამ, რომელიც ვაშალომიძის მსაგვსად, “ნაციონალების” მიერ ორგანიზებულ აქციაზე წინა ხელისუფლების დროსაც მიდიოდა.

“ქართული ოცნების” მიერ დაფინანსებულ ზეიმზე წამსველებთან გასაუბრებით გავარკვიეთ, რომ მათი დიდი ნაწილი ის ადამიანები არიან, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს, ერთ დაძახებულზე, პარტიის ოფისთან დგებოდნენ და დროშების ფრიალითა და “მიშა, მიშას” ძახილით აქციაზე მიდიოდნენ.

როგორც ჩანს ახლაც არაფერი შეცვლილა -იგივე სახეები, იგივე გზას ამჯერად სხვა პარტიის სახელით გადიან წლების წინ დაწერილი მესიჯით -“ჩვენი სურვილით მივდივართ”!

 

ავტორი: ნატო გეგელია

banner
წინა სტატიაშიანიტას ბებია – ბელორუსია თანახმაა ბავშვის მიღებაზე, ამაში ჩვენი ხელისუფლება დაგვეხმარა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: ღიმილიმომგვრელია ეს ყველაფერი, არანაირი მნიშვნელობა შინაარსობრივადაც ენას არ აქვს