,,მე მზად ვარ სერიოზულ საქმეზე, სერიოზულ ხალხთან სერიოზული საუბრებისთვის”

პოლიტიკური აქტიურობა შესაძლებელია სახელმწიფო თანამდებობის, ოფიციალურ სახელმწიფო ინსტიტუტებში ყოფნის გარეშეც, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მე-8 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

„პარლამენტში მოხვედრამდე ვიყავი პოლიტიკაში სხვადასხვა ფორმით, ოპოზიციურ პარტიაში ვიყავი, ვხელმძღვანელობდი „რესპუბლიკურ პარტიას“ , მანამდეც ექსპერტად, თუ არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით აქტიურად ვიყავი პოლიტიკაში ჩართული. ასე რომ, პოლიტიკური აქტიურობა შესაძლებელია სახელმწიფო თანამდებობის, ოფიციალურ სახელმწიფო ინსტიტუტებში ყოფნის გარეშეც. როდესაც ვთქვი, ვრჩები ოპოზიციურ ველში, ეს ნიშნავს, რომ გამოვრიცხავ და ვერ ვხედავ შსაძლებლობას, უახლეოს მომავალში დავიკავო რაიმე სახელმწიფო თანამდებობა, იქნება ეს აღმასრულებელი ხელისუფლება, თუ რაიმე სხვა სისტემა“,-აღნიშნა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, მზად არის დიალოგისთვის, რომლის მიზანიც იქნება ქვეყნის პოლიტიკური სისტემის, ფუნდამენტის გამყარება.

„ამ საკითხში ჩვენ გვაქვს სერიოზული ჩამორჩენა. ჩვენ შევძელით სამართალდაცავი სისტემის გაუმჯობესება, განვახორციელეთ ინფრასტრუქტურული პროექტები, ბევრი მიმართულებით სახეზეა პროგრესი, მაგრამ ვერ შევძელით სტაბილური პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება, იმ სისიტემას, რომელსაც აქვს უნარი, არჩევნების გზით შეიცვალოს ხოლმე ხელისუფლება და ეს არ იყოს რევოლუციის ტოლფასი, ეს არ იყოს ყველაფრის თავიდან დაწყება“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, 10-12 წლების შუალედით ყველაფერს თავიდან ვიწყებთ, ყველა მოქმედი ხელისუფლება შეიცვლება, თუმცა რაღაც კატაკლიზმებით, რადგან სათადარიგო ხელისუფუელბა, ოპოზიციური პარტია, რომელიც არ არის მტერი, რომელიც არ არის განადგურებული, რომელიც არ არის მარგინალიზებული ქვეყანაში არ არსებობს.

„ამიტომ ხელისუფლებებს ცვლის რაღაცა ტალღა. ეს არ არის სახელმწიფოებრივი ცხოვრება, ეს არის სახლემწიფოებრიობანას თამაში. როდესაც 2012 წელს მე პირადად, ჩემი კოლეგები სააკაშვილის რეჟიმის შეცვლას ვცდილობდით, ჩვენ გვინდოდა არამხოლოდ სააკაშვილის შეცვლა, არამედ იმ სისტემის და ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც შემდგომში გამორიცხავდა ასეთ კატაკლიზმებს. ამ პოლიტიკურ სისტემას სჭირდება შექმნა. ბიძინა ივანიშვილთან 4-წლიანი თანამშრომლობა გადამაწყვეტინა მისმა შეხედულებებმა კონკრეტულად ამ თემაზე, რადგან მისი ლოზუნგი იყო, დავასრულოთ ერთპარტიულობა, დავამყაროთ მრავალპარტიულობა, მან პირველი ნაბიჯები სწორედ ასე გადადგა. აი, ერთი პარტია, მეორე, მე თვითონ შევმქნი პარტიას, რომელიც იქნება მოთამაშე პოლიტკურ სივრცეში. სამწუხაროდ დღეს მივიღეთ რა – ვიარეთ წრეზე და მოვედით ისევ იქ. თურმე ერთპარტიულობის ცვლილება ვიღაცებისთვის ნიშნავდა ცუდი ერთპარტიულობის კარგი ერთპარტიულობით შეცვლას. ანუ, ვართ ისევ კარგი მეფის ძიებაში – ეს არის ილუზია, ეს არის მირაჟი. ასეთ ვითარებაში მე მზად ვარ საუბრისთივს იმ ხალხთან, ვისაც ეს პრობლემა დანახული აქვთ, როგორც პრობლემა. მე ვერ ვისაუბრებ იმ ადამიანებთან, ვინც ამ პრობლემას არ ან ვერ ხედავენ. მე ვიცი, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ არიან პოლიტიკაში, ამგრამ აქვთ კონკრეტული შეხედულებები, რომლის ყოფნაც პოლიტიკაში იქნებოდა გარდამტეხი. მოვძებნოთ ასეთი ადამიანები. მე მზად ვარ სერიოზულ საქმეზე, სერიოზულ ხალხთან სერიოზული საუბრებისთვის, მე არ ვარ მზად პრობლემებზე ერთობლივი მოთქმა-გოდებისთვის. არ ვარ მზად, ცარიელ იდეებზე სალაპარაკოთ, მე მზად ვარ იდეაზე დაფუძნებული გეგმების და ხედვებზე სალაპარაკოდ“,-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა და განაცხადა, რომ 2-3 თვე შედარებით პასიურ რეჟიმში იქნება.

„არ ვიქნები გადაკარგული და დამალული, მაგრამ არ ვიქნები ყოველდღე მედიაში. რაც შეეხება საარჩევნო ციკლებს, რა თქმა უნდა, მთავარი სამიზნე იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები“,-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთის საელჩოს მრჩეველს ლიუ ბოს სიგელი გადასცა
შემდეგი სტატია,,საქმე გვაქვს ძალიან დიდ პოლიტიკურ ზეწოლასთან”-ირაკლი აბესაძე ,,რუსთავი 2″-ის საქმეზე