მთავრობა საზოგადოებას დაპირისპირებისაკენ უბიძგებს, ეს კი ქმნის არასტაბილურობის განცდას, რომელიც ლარის კურსზე უარყოფითად აისახება

მთავრობა უბიძგებს საზოგადოებას დაპირისპირებისაკენ, ეს კი ქმნის ისეთი არასტაბილურობის განცდას, რომელიც ძალიან უარყოფითად აისახება ლარის კურსზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

დეპუტატმა ბიუჯეტის არასათანადო ხარჯვასა და „ქართული ოცნების“ არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ლარის კურსი არის ის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური პრობლემა, რაც საბოლოო ჯამში აისახება ფასების ზრდაზე და ურტყამს მოქალაქეების ჯიბეს.

„ეს იწვევს მოსახლეობის გაღარიბებას და ჩვენ ვიცით ლარის კურსის ამ მერყეობის ტრადიციული მიზეზები, რაც დაკავშირებულია სწორედ “ქართული ოცნების” არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკასთან. ეს ეხება ბიუჯეტის არასათანადო ხარჯვასაც, ეს ეხება იმას, რომ არაფრით არ წევენ გადასახადებს დაბლა, რაც უნდა გახდეს ჩვენი ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რამაც უნდა გაამყაროს ლარიც, დაასტაბილუროს ფასებიც და შესაბამისად, შეაჩეროს სიღარიბის ზრდა ქვეყანაში, მაგრამ ბოლო დღეებში ამას დაემატა კიდევ უფრო სერიოზული ფაქტორი, ეს არის არასტაბილურობის განცდა და არა მარტო ბიზნესის მხრიდან, არამედ მთელ საზოგადოებაში, როდესაც “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოახლოებული წაგების ფონზე ცდილობს დააშინოს საზოგადოება. ის ლაპარაკობს იმაზე, რომ თავად იქნება არასტაბილურობის, არეულობის და სამოქალაქო დაპირისპირების წყარო და ფაქტორი. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ისეთი დროც, როდესაც ამას ოპოზიცია აკეთებდა ხოლმე, ეს წლების წინ იყო, მაგრამ დღეს მთავრობა უბიძგებს საზოგადოებას დაპირისპირებისაკენ, ეს არის სრულიად წარმოუდგენელი ამბავი და შესაბამისად ქმნის ისეთ არასტაბილურობის განცდას, რომელიც ძალიან აისახება უარყოფითად ლარის კურსზე“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძემ ხომ თქვა, რომ არ მიცნობს, ახლა სააკაშვილი იტყვის, რომ არ იცის, ვინ არის ირაკლი გედენიძე
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს