მთავარი პროკურორი გიორგი გასვიანს: თქვენი საქმე ჩემს პირად კონტროლზეა აყვანილი

მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძის განცხადებით, ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი.

შოთაძის თქმით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„ეს საქმე პირად კონტროლზე მაქვს აყვანილი, ეს არის უმნიშვნელოვანესი საქმე ჩვენთვის, შესაბამისად ჩემს პირად კონტროლზეა, გამოძიება დაიწყო, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

ჩვენს მიერ მოპოვებული იქნება ის მტკიცებულებები, რომლებიც მოგვცემს ბრალის სტანდარტს, ამის შემდეგ მივიღებთ შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“,- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

საკუთარი საქმის შესახებ გიორგი გასვიანმა მთავარ პროკურორს შეკითხვები თავად დაუსვა.

ირაკლი შოთაძის თქმით, ის მზადაა ჟურნალისტს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდოს.

„თქვენ, როგორც დაზარალებულ მხარეს, პირადად მეც ვარ მზად, შეგხვდებით გექნებათ სრული წვდომა საქმის მასალებთან, გექნებათ სრული ინფორმაცია საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, ამ ეტაპზე დეტალებზე საუბრისგან საჯაროდ თავს შევიკავებ, რადგან ამით შეიძლება გამოძების ინტერესები დაზიანდეს“,- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

გიორგი გასვიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. გასვიანის მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ, ბორჯომის პოლიციის თანამშრომელი მიხეილ ხუციშვილი მის მიმართ აგრესიულობით გამოირჩეოდა.

შემთხვევა სასტუმრო „ბორჯომი ქროუნ პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი გასვიანის ცემის საქმეზე, მის მიერ დასახელებულ პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერდა.

banner
წინა სტატიაშიiPhone-ს კამერის კრიტიკული დეფექტი უპოვეს
შემდეგი სტატიამეტი აქტივობა და ნაკლები ხარჯები ცოტა რთულია, თუმცა მოგვიწევს – ვიქტორ დილიძე