მთაწმინდის პარკში „აფხაზეთის დღე“ აღინიშნა

დღეს, 23 მაისს „აფხაზეთობა“ აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით მთაწმინდის პარკში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.
ციფრული მუზეუმის სივრცეში აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ იმერსიული პროექციის ჩვენება მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უნიკალური ფოტოები.
პარკის ტერიტორიაზე გაიმართა ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“, სადაც გამოტანილი იყო საზოგადო მოღვაწეების ილია ჭავჭავაძის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის, ნინო რამიშვილის, ილიკო სუხიშვილის, გიგა ლორთქიფანიძის, ნოდარ დუმბაძის, მერაბ კოსტავას, ილია ვეკუას, რეზო თაბუკაშვილის, მედეა ჯაფარიძის აფხაზეთში გადაღებული დღემდე უცნობი და უნიკალური კადრები საოჯახო ფოტოალბომებიდან.
ღონისძიების ფარგლებში გამოფენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი კალიგრაფის ნამუშევრები, ასევე წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო და ფოტო მასალა „აფხაზეთი – ხელნაწერ მემკვიდრეობაში“. პარკის ღია სივრცეში მოეწყო აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
დღის ბოლოს გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“ და აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“ მონაწილეობით ჩატარდა კონცერტი.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ვეტერანები ესწრებოდნენ.
23 მაისი, მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღე, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით „აფხაზეთის დღედ“ დადგინდა. 2014 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, „აფხაზეთობას“ ყოველწლიურად სხვადასხვა თემატური ღონისძიებებით მთელი საქართველოს მასშტაბით აღნიშნავს.

წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის გადარჩენაზე უფრო საჩქარო და მნიშვნელოვანი საკითხი ამ წუთას არაფერია​ – ნიკა გვარამია
შემდეგი სტატიაპოდოლიაკი – უკრაინიდან რუსეთის ძალების გაყვანის გარეშე ცეცხლის შეწყვეტა კონფლიქტის გაჭიანურებას გამოიწვევს