მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2016 დასრულდა

ორფოლოს სასროლეთზე მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2016-ის დახურვის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

დახურვის ცერემონიის დაწყებამდე სწავლებაში მონაწილე სამხედრო ქვედანაყოფებმა საჩვენებელი წვრთნები გამართეს. სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა მაღალი ღირებულების მიზანზე რეიდი ჩაატარეს.

ქართულმა და ამერიკულმა ჯავშანტექნიკამ, საარტილერიო დანადგარებმა და ავიაციამ შეტევითი, თავდაცვითი და უკან გამოსვლის ოპერაცია განახორციელეს.

მრავალეროვნული სწავლების დახურვის ცერემონია სწავლებაში მონაწილე სახელმწიფოების ჰიმნებით გაიხსნა. ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა და სამხედრო მოსამსახურეებმა, წუთიერი დუმილით საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2016-ის დახურვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა სწავლების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრმა კი, სწავლების მონაწილეებს სამხედრო წვრთნების წარმატებით დასრულება მიულოცა.

მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2016 საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა და აშშ-ის საზღვაო ქვეითებმა ჩაატარეს. სამხედრო წვრთნების მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთქმედების დახვეწა, რეგიონში უსაფრთხოების მხარდაჭერა, თავდაცვით და თავდასხმითი ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ასევე აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის შენარჩუნება და გაღრმავება იყო.

სამხედრო სწავლებაში 1200-მდე საქართველოს შეიარაღებული ძალების, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის, ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინის და ლატვიის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს მონაწილეობა.

Agile Spirit 2016 სამეთაურო საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავდა. სწავლების საველე ნაწილი ორფოლოს სასროლეთზე, სამეთაურო საშტაბო ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიმცირეწლოვანი ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა – უბედური შემთხვევა თბილისის რიტუალების სასახლეში
შემდეგი სტატია“ეროვნული ფორუმის” ლიდერებმა თელავისა და ყვარლის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს