მოვუწოდებთ საარჩევნო კომისიებს, გამოავლინონ ყველა დარღვევა – საქართველოს ეროვნული პლატფორმა

“საქართველოს ეროვნული პლატფორმა” საარჩევნო კომისიებს მოუწოდებს, არცერთი საჩივარი არ დატოვონ სამართლიანი განხილვის გარეშე და გამოავლინონ ყველა დარღვევა. პლატფორმაში შემავალი არასამთავრობოები მოითხოვენ – დაუყონებლივ გაეცეს პასუხი ამომრჩევლების მოსყიდვასთან დაკავშირებულ ბრალდებებს.

“მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე სახელმწიფო ორგანოებმა, მათ შორის საარჩევნო კომისიებმა, სამართალდამცავებმა იმოქმედონ კეთილსინდისიერად, კანონის ფარგლებში. პირველ რიგში გამოავლინონ და დასაჯონ ყველა პირი, რომელიც ძალადობდა და შეურაცხყოფას აყენებდა მედიის წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს.

ამასთანავე, საჭიროა დაუყონებლივ გაეცეს პასუხი ამომრჩევლების მოსყიდვის თაობაზე არაერთ ინფორმაციასა თუ ბრალდებას, რაც არათუ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს აყენებს შეურაცხყოფას არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის არის დამამცირებელი. მოვუწოდებთ საარჩევნო კომისიებს, პირველ რიგში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, არცერთი საჩივარი არ დატოვოს მიუკერძოებელი გადაწყვეტილების გარეშე, გამოავლინოს ყველა დარღვევა, და არ გაიმეოროს წინამორბედების შეცდომები უბნების ხელახალ გადათვლასთან დაკავშირებით.

ვფიქრობთ, რომ არაჯანსაღი, ფეთქებადი და სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის ძალზედ საშიში ვითარება გამოწვეულია პოლარიზაციის უკიდურესად მაღალი ხარისხით, რასაც სამწუხაროდ, პოლიტიკური ძალები უწყობენ ხელს, თუმცა მთავარი პასუხისმგებელი სახელისუფლებო ძალაა, რომელიც არაერთ მათ შორის მიუღებელ ბერკეტს იყენებს სრული ძალაუფლების შენარჩუნებისათვის, რაც, ჩვენი აზრით, დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს არ შეესაბამება.

ჩვენ არ გვჭირდება არც ერთპარტიული სახელისუფლებო ინსტიტუტები, რისი პერსპექტივაც კიდევ უფრო იკვეთება და არც დესტაბილიზაცია, რაც ხელს შეუშლის საქართველოს განვითარების დასავლურ ვექტორს და ხელს შეუწყობს რუსული გავლენების ზრდას.

მოვუწოდებთ პოლიტიკურ ძალებს, არ გაცდნენ კონსტიტუციის ფარგლებს, მხოლოდ მშვიდობიანი ფორმებით, ასევე დიალოგის გზით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით გადაწყვიტონ არსებული პრობლემები”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 44 პაციენტი გარდაიცვალა