მოშიმშილე სასულიერო პირი – სააკაშვილის პატიმრობის საკითხზე ეკლესიის დუმილი დაუშვებელია

ჩემი აქ ყოფნით მინდა მაგალითი მივცე ბევრ სასულიერო პირს, რომ ძნელბედობის ჟამს ქვეყანას და ერს დაუდგნენ გვერდით, – ამის შესახებ უკრაინაში მოღვაწე ქართველმა სასულიერო პირმა, მამა რამინ თარაშვილმა განაცხადა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ტერიტორიაზე, 300-მდე ადამიანთან ერთად შიმშილობს.

„მე, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე და სასულიერო პირი, ვთვლი, რომ ქვეყანაში გარდაუვალია ის ცვლილებები, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას.

ვშიმშილობ და საჭიროდ ვთვლი აქ ვიყო, რადგან დღეს საპატრიარქოს კულუარები დღევანდელმა უზურპატორმა მთავრობამ გაგვითახსირა. ეს არის უკანასკნელი იმედი და ყველაზე წმინდა რამ, რაც ქართველებს გაგვაჩნია. ხელისუფლებამ ზოგი მოისყიდა, ზოგი დააშანტაჟა ტოტალური მოსმენების ხარჯზე. სასულიერო პირები არა სასულიერო ღირებულებებზე დაფუძნებულ, არამედ რუსეთის ნაკარნახევ სიძულვილის ენის შემცველ ქადაგებებს ახვევენ თავს საზოგადოებას.

სხვა რა დაგვრჩენია, თუ არა გამოვხატოთ პროტესტის უკიდურესი ფორმა ამ პატივაყრილ, გაპარტახებულ ქვეყანაში.

მიხეილ სააკაშვილი არის ის უნიკალური მშენებელი და „გადამხალისებელი“ სარწმუნოების, რომელმაც 600-ზე მეტ ეკლესიას ჩაუტარა რეაბილიტაცია, 100-ზე მეტი ახალი ეკლესია ააშენა და ყოველ წელს 25 მილიონ ლარს კომპენსაციის სახით უხდიდა ეკლესიას და დღეს ეკლესია დუმს მის პატიმრობაზე, თითქოს ეს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი არ ყოფილიყოს. ეს დაუშვებელია“, – განაცხადა მამა რამინმა.

მისივე თქმით, საქართველოში გაზრდილია კრიმინალი და სწორედ ის მართავს ქვეყანას.

„უკვე აშკარაა, რომ კრიმინალი მართავს ქვეყანას, რომლითაც მოსახლეობას აშინებენ და აშანტაჟებენ. ერთ მკვლელს უშვებენ და ჩვენი ქვეყნის აღმშენებელი პრეზიდენტი ციხეში ჰყავთ გამომწყვდეული კოსტიუმებზე, პიჯაკებზე და ისეთ საკითხებზე, რაზეც სამარცხვინოა საუბარი“, – აღნიშნა თარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ 5 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და 2 კილოგრამი „კოკაინი“ ამოიღო – დაკავებულია 12 პირი
შემდეგი სტატიასაზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებისთვის ულიმიტო მგზავრობის სისტემა და შესაბამისი ტიპის ბარათები შეიქმნება