“მოხარულები ვიქნებით, ვნახოთ, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა მოილაპარაკონ “

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ და საერთაშორისო მეგობრები მხარს უჭერენ საქართველოს ძალისხმევას, გაწევრიანდეს ნატო-სა და ევროკავშირში.

დეგნანის თქმით, აღნიშნულ ორგანიზაციებში გასაწევრიანებლად, საქართველოს სჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება.

„ბოლო 25 წელია, საქართველოსთან ძალიან კარგად ვმუშაობთ, რომ დავეხმაროთ ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლოს მშენებლობაში. სწორედ ამიტომ ჩვენ მოხარულები ვიქნებით, ვნახოთ, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა მოილაპარაკონ და შეთანხმდნენ მნიშვნელოვან სასამართლო რეფორმაზე 19 აპრილის შეთანხმებით.

სწორედ ამიტომ ვამბობთ, რაზეც ისინი შეთანხმდნენ, რაზეც მოილაპარაკეს, მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმის გაგრძელება, რაც საქართველოს სჭირდება, შეესაბამებოდეს იმ ვალდებულებებს, რაც 19 აპრილის შეთანხმებაშია.

მქონდა შესაძლებლობა, დღეს დილით ეს განმეხილა პარლამენტის თავმჯდომარესთან და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან. 19 აპრილის შეთანხმებაში არის ძალიან კარგი საგზაო რუკა, რაც მოიცავს დანიშვნების დაპაუზებას, ვიდრე არ იქნება ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული კონსულტაციები ამბიციურ სასამართლო რეფორმაზე. შეთანხმება იყო მმართველი პარტიის და ოპოზიციის ლიდერების მიერ ამბიციურ სასამართლო რეფორმაზე დაპირება, ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული პროცესით, ეს ამ დრომდე არ მომხდარა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული დისკუსიების შემდეგ უნდა მოხდეს.

„სწორედ ამაზეა 19 აპრილის შეთანხმება. ახლა პარლამენტის ხელშია და მისი უფლებამოსილებაა, რომ დააპაუზოს ეს პროცესი, ვიდრე არ ჩაატარებს ინკლუზიურ კონსულტაციებს, რაც მათ ძალიან წარმატებით გააკეთეს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. ამას არ დასჭირდება კვირები, თვეები და წლები, ეს არის რისი გაკეთებაც შესაძლებელია საქართველოს სასამართლო სისტემის სასარგებლოდ. ხაზგასმული ამოცანა, რაც კიდევ ერთხელაა დადასტურებული სენატორ შაჰინისა და სენატორ ჯონსონის განცხადებაში, არის საქართველოს დახმარება ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მშენებლობაში, რაც დასაშვები იქნება ნატო-ს და ევროკავშირის წევრობისთვის. სწორედ ამას ვუჭერთ მხარს 25 წელზე მეტია და აშშ მზადაა, გააგრძელოს ამ მხარდაჭერის შეთავაზება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი: „ლიბერთი ბანკი“ საპენსიო მომსახურებაზე კონტრაქტის გაწყვეტის მზადყოფნას გამოთქვამს
შემდეგი სტატიახუხაშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ გახარიას სააკაშვილი „ჩაუდოს