“მოკავშირეებისა და მეგობრების თანადგომა საქართველომ კიდევ ერთხელ 8 და 30 ოქტომბერს დროს იგრძნო”

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მოკავშირეების, მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორების თანადგომა საქართველომ კიდევ ერთხელ, 8 და 30 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების დროს იგრძნო.

ამის შესახებ მან დიპლომატის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე განაცხადა და ქართველ დიპლომატებს საქართველოს მთავრობის სახელით, მადლობა გადაუხადა

„ჩვენი მეგობარი ქვეყნების მიერ არჩევნების მსვლელობის ობიექტური შეფასება და მრავალრიცხოვანი საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნები ცხადყოფს, რომ ქვეყანამ გადადგა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ. ჩვენ ყველას გვჯერა, რომ საქართველოს გაუმჯობესებული დემოკრატიული სტანდარტები საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის შემდგომი წარმატებების მომტანი იქნება. დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია გააზრებული, მოქნილი და სწრაფად ცვალებად საერთაშორისო მდგომარეობაზე მორგებული საგარეო პოლიტიკა. ჩვენ ყველა ვაცნობიერებთ, რამდენად დიდი გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო და რამხელა რისკებს შეიცავს მცირე სახელმწიფოსათვის მსოფლიო პოლიტიკაში ნებისმიერი სახის ცვლილება.

ის, რომ საქართველოში დღეს მშვიდობიანი ვითარებაა და ქვეყანა დამაჯერებლად ადგას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას, არის ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომის ნათელი გამოხატულება. მინდა, საქართველოს მთავრობის სახელით, დიდი მადლობა მოგახსენოთ ამისთვის და მომავალში კიდევ უფრო წარმატებული საქმიანობა გისურვოთ“, – მიმართა პრემიერმა დიპლომატებს.

კვირიკაშვილის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხი დასკვნით ფაზაში შევიდა – რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულების და საშინაო საქმეთა კომიტეტმა მოუწოდა ევროკავშირის საბჭოს, რომ მან, შემდგომი დაყოვნების გარეშე დაიწყოს სამმხრივი მოლაპარაკებები შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის უზრუნველყოფისათვის.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საგარეო უწყებასთან ერთად, მთელი მთავრობა მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს ამ საკითხის უახლოეს დროში წარმატებით დასრულებისკენ.

„ეს გადაწყვეტილება, რომელსაც მოუთმენლად ელის ჩვენი ხალხი, ჩვენი დიპლომატიისა და მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტის დამსახურება იქნება. ამასთანავე, ეს იქნება ჩვენი დიდი ევროპული ოცნების აღსრულება და ევროპისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს სწორედ ის გზაა, რომელსაც ჩვენმა დიდმა წინაპარმა სულხან-საბა ორბელიანმა ჩაუყარა საფუძველი და შემთხვევითი სულაც არ არის, რომ დიპლომატის დღე ემთხვევა ამ დიდი, პროევროპელი მოღვაწის დაბადების თარიღს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა უსაფრთხოების კუთხით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და დასავლელ პარტნიორებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

banner
წინა სტატიაში“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიღებულ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაირაკლი პეტრიაშვილი: პირუტყვს არ მოექცევა ადამიანი ისე, როგორც ჩინური კომპანია იქ დასაქმებულ ადამიანებს ექცევა