“მმართველი გუნდის განცხადებები მიმართულია იმისკენ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობის” რეპუტაცია შეირყეს – ეკა გიგაური

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” მმართველი გუნდის დეპუტატების საჯარო ბრალდებებს პასუხობს. საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციის ერთერთ კვლევას, სადაც მოყვანილი იყო კონკრეტული ფაქტები, როდესაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები პარალელურად იკავებენ ხელმძღვანელ თანამდებობებს კონკრეტულ ბიზნეს კომპანიებში და ამით არღვევენ საქართველოს კანონმდებლობას.

კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა არასამთავრობო ორგანიზაციის ანალიტიკოსები არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულეს.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი მმართველი გუნდის წარმომადგენელთა განცხადებებს, ორგანიზაციის მიმართ წარმოებულ მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს.

„ეს არის მიმართული იმისკენ, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობის” რეპუტაცია შეირყეს და ამის მიზეზი არის ძალიან ბევრი. იმიტომ, რომ ჩვენ ვმუშაობთ ძალიან ბევრ სენსიტიურ საკითხზე, ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ მაგალითად, შესყიდვებთან დაკავშირებით ანგარიშის გამოქვეყნებას და მმართველი პარტიის სხვა საქმიანობასთან დაკავშირებით. არცერთ დეპუტატს არ ულაპარაკია კონკრეტულ ფაქტზე, ჩვენ კი ვსაუბრობთ კანონის მოთხოვნებზე და ეს არის აქ ყველაზე მთავარი,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ აცხადებენ, რომ ორგანიზაციამ დეტალურად შეისწავლა ყველა მონაცემი და კვლევა დეპუტატთა კანონთან შეუსაბამო საქმიანობაზე მხოლოდ ამის შემდეგ გამოქვეყნდა.

„ეს არის კანონის დარღვევა, როდესაც გაქვს არადეკლარირებული წილი, ამ შემთხვევაში არღვევ კანონს და დეკლარაციას ავსებ არასწორად, რამაც შეიძლება ჯარიმა გამოიწვიოს და როდესაც შეუთავსებელი საქმიანობა არიs, როდესაც ხარ მოქმედი კომპანიის ხელმძღვანელი და ვიმეორებ, კომპანია მოქმედია იქამდე, სანამ ის რეგისტრირებულია. ამ შემთხვევაში, უკვე საქმე გვაქვს შეუთავსებელ საქმიანობასთან, რაც არა მხოლოდ კანონის დარღვევა არის, რაც კონსტიტუციით აკრძალულია,“ – აცხადებს ლიკა საჯაია.

banner
წინა სტატიაში“ყანაში ვართ თუ სასამართლოში?” – “ლეიბორისტების” სარჩელის განხილვა ხმაურით დასრულდა
შემდეგი სტატიაფინანსთა მინისტრი აზიის განვითარების ბანკის დირექტორს შეხვდა