“მისი განცხადება არა თუ არაადეკვატურია, არამედ კომისიის ყველა წევრის დისკრედიტაციას ემსახურება”-სესიაშვილი პრეზიდენტზე

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტს პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს. ირაკლი სესიაშვილი გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც პრეზიდენტმა თქვა, რომ საკონსტიტუციო კომისიის მიერ არა კონსტიტუციის შინაარსობრივ გადახედვასთან გვაქვს საქმე, არამედ საუბარია კონკრეტულ პოლიტიკოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაზე.

“ქართული ოცნების” დეპუტატის განცხადებით, პრეზიდენტმა , შეურაცხყოფა მიაყენა მთლიანად საკონსტიტუციო კომისიას. სესიაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად მსგავსი პოლიტიკური სპეკულაციებისა, კომისია კონცენტრირებული დარჩება იმაზე, რომ კონსტიტუცია იყოს მაქსიმალურად ჯანსაღი და დემოკრატიული ჩარჩოების ფარგლებში.

“პრეზიდენტს ისედაც უკვე შეკვეცილი უფლებები გააჩნია და გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური სპეკულაციის პრევენციის მიზნით მეტ-ნაკლებად ვთანხმდებით, რომ შემდეგი არჩევნები იყოს პირდაპირი წესით არჩევნის წესის თანახმად. ეს იმიტომ მოხდა, რომ მარგველაშვილს არ დაეწყო პოლიტიკური სპეკულაცია. მისი განცხადება არა თუ არაადეკვატურია, არამედ კომისიის ყველა წევრის დისკრედიტაციას ემსახურება.
ვცდილობთ კონსტიტუცია მთლიანად რესპუბლიკური მმართველობის სტანდარტში ჩაჯდეს, არ ავყვებით ამ განცხადებებს. სამწუხაროდ, პრეზიდენტმა დაიწყო სპეკულირება იმ თემით, რომლის პრევენცირებაც ჩვენ მოვახდინეთ და ვთქვით, რომ შემდეგი არჩევნები იქნება პირდაპირი წესით. ამით ჩვენ მოვუჭერით ყველა იმ პოლიტიკურ ძალას და მათ შორის პრეზიდენტს იმ სპეკულირების გზა, რომ ეთქვა – მე მებრძვიანო, ან რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს ებრძვიანო. როგორც ჩანს, პრეზიდენტს ერთგვარად ეწყინა, რომ ჩვენ არ დავუჭირეთ ირიბი არჩევის წესის მომდევნო არჩევნებზე შემოღებას და ეს მოლოდინი რომ არ გაუმართლდა, ამ სპეკულაციის გზით წავიდა, რაც ძალიან სამწუხაროა,”-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს საპატრულო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს
შემდეგი სტატია“უკან გადადგმული ნაბიჯი” – ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს