“მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, რომ სასამართლო პროცესზე უკრაინულად გაეკეთებინა მიმართვა – ლეგიტიმური იყო” – ინტერვიუ ელისო კილაძესთან

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რვათვიანი პაუზის შემდეგ, პირველად დღეს, საჯაროდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოჩნდა. ვიდეო-ზარი “ვივა-მედიდან” ხორციელდებოდა. უკრაინისთვის სოლიდარობისა და მხარდაჭერის მიზეზით, პრეზიდენტმა სურვილი გამოთქვა, რომ საუბარი უკრაინულ ენაზე დაეწყო, რასაც შემდგომ უკვე, “ევროპული საქართველოს” წევრების მხრიდან აჟიოტაჟი მოჰყვა. როგორც გაირკვა, სააკაშვილი აპირებდა, ჩართვის დასაწყისში, უკრაინელი ხალხისთვის უკრაინულად მიემართა, შემდეგ კი სასამართლო პროცესზე მისი საქმის განხილვა მშობლიურ ენაზე გაეგრძელებინა. სანამ მოსამართლე, გიორგი არევაძე შექმნილ ვითარებში გაერკვეოდა, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობამ საუბრის გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცა და “ვივა-მედიდან” პირდაპირი ტრანსლაცია მალევე შეწყდა.

გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მესამე პრეზიდენტის დღევანდელ პროცესზე, გიორგი არევაძემ პენიტენციური სასამართლოს მოთხოვნა, კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშრებით, არ დააკმაყოფილა. გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული პროცესი გარკვეულ ვადებს უკავშირდება, “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე “თაიმერთან” ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მოსამართლის მხრიდან, შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლად დატოვება, სამართლიანი გადაწყვეტილება იყო.

ჟურნალისტი “თაიმერთან” ასევე, საუბრობს უკრაინისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრაზე, მის მნიშვნელობაზე საქართველოსთან მიმართებაში და უკრაინელი ხალხისთვის გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებაზე, რომელსაც ოდესის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მომუშავე ქართველი ექიმი დახვდება, ხოლო დანარჩენს კი უკრაინული მხარე გაანაწილებს. ჰუმანიტარულ ტვირთს, რომელიც ელისო კილაძის საქველმოქმედო ფონდ “ჰელფერი საქართველოს” მეშვეობით შეგროვდა და უკრაინაში გაიგზავნა, მეგობარი ქვეყნის მოქალაქეები, საახალწლოდ მიიღებენ.

– რამდენად სამართლიანად და კანონის დაცვით მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები?

– დღეს გავხდი სასიამოვნო ფაქტის მომსწრე, ამ სასამართლოს პირობებში. მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა პენიტენციური სასამართლოს მოთხოვნა. ისინი ითხოვდნენ კომპლექსურ ექსპერტიზას, მათ შორის: მაია ნიკოლეიშვილის, ალექსანდრე გეჯაძის და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მონაწილეობით, რომელიც (მინიმუმ) კიდევ რამდენიმე თვეს წაიღებდა. ეს იყო სრულიად არაკანონიერი მოთხოვნა და მოსამართლემ, ძალიან სწორად და სამართლიანად, ეს შუამდგომლობა დატოვა დაუკმაყოფილებელი. რაც შეეხება, ზოგადად, სასამართლო პროცესს, შენიშვნები მაქვს მხოლოდ ვადებთან დაკავშირებით. კვირაში ერთი პროცესი ძალიან ცოტაა და ეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, საკმაოდ, ხანგრძლივი შუალედებია ამ პროცესებითვის, ამიტომ ვისურვებდი, რომ პროცესები ჩატარდეს მიყოლებით, სწრაფად და დასრულდეს, რაც შეიძლება მალე. ჯერჯერობით, სხვა შენიშვნა სასამართლოსთან მიმართებით არ მაქვს. მგონია, რომ მოსამართლე კეთილგანწყობილია.

– დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სააკაშვილის სურვილს, საუბრის დასაწყისში, უკრაინელი ხალხისთვის უკრაინულ ენაზე მიმართვასთან დაკავშირებით, გარკვეული კრიტიკა მოჰყვა…

– გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. მიხეილ სააკაშვილს უარი არ უთქვამს პროცესში მონაწილეობისას ქართულად საუბარზე. მან, პროცესის დასაწყისში, უბრალოდ მოითხოვა, რომ უკრაინულად გაეკეთებინა მიმართვა გასაგები მიზეზების გამო: მსოფლიო ტაშს უკრავს უკრაინას, ამერიკის კონგრესი ფეხზე დამდგარი ხვდება უკრაინის პრეზიდენტს და ზელენსკი იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია იყო სრულიად ლეგიტიმური და ის აჟიოტაჟი, რომელიც შემდგომ “ევროპული საქართველოს” წევრებმა მოაყოლეს, რომ “უარი თქვა ქართულად მიმართვაზე, ქართველ ხალხზე” და ა.შ. სწორი არ გახლავთ. მიხეილ სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს, უნდოდა უკრაინულ ენაზე მიემართა მსოფლიო თანამეგობრობისთვის და ამის შემდეგ ის, ჩვეულებრივ, ქართულ ენაზე გააგრძელებდა სასამართლო პროცესში მონაწილეობას. მოსამართლემ ეს ვერ გაიგო, ხმაც კარგად არ ისმოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც გაუგებრობა ამოიწურა და მიხეილ სააკაშვილის (ჩართვით) დაბრუნება დააპირა მოსამართლემ, მესამე პრეზიდენტი შეუძლოდ გახდა და მან პროცესში მონაწილეობის მიღება ვეღარ შეძლო. ჩემთვის, არის აბსოლუტურად ამაზრზენი თამარ ჩერგოლეიშვილის და მისი ე.წ. გუნდის პოზიციები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. მათ შორის, ყოფილი პარლამენტარის, ლევან ქებურიასი, რომელიც, თავის დროზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და მიხეილ სააკაშვილის ხმებით მოხვდა პარლამენტში. ამიტომ, სააკაშვილს ქართველობაზე და ქართულ ენაზე საუბარზე არ უთქვამს უარი, ეს იყო მხოლოდ სოლიდარობა უკრაინელი ხალხისადმი.

– სწორედ, ევროპისა და ამერიკის პოზიციასთან დაკავშირებით მინდოდა მეკითხა: ჩვენ ვხედავთ, რომ სოციალურ ქსელში ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინას. როგორ ფიქრობთ, მათი პოზიცია, საქართველოს ხელისუფლებას, ხომ არ აიძულებს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას და ზოგადად, რა მოლოდინები გაქვთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის განსახორციელებელ პროცესებთან დაკავშირებით?

– პირველ რიგში, სამართლიანი სასამართლოს მოლოდინი მაქვს. მინდა, რომ ჩემი ქვეყნის სასამართლომ მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება. ამის შემდეგ, თავისთავად ცხადია, მაქვს მოლოდინი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის, ჩვენი მეგობრების (აშშ-დან და ევროპიდან) პოზიცია იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი და საერთოდ არ მაინტერესებს, რას ფიქრობს, მაგალითად, ირაკლი კობახიძე, რომ მისთვის ზელენსკის მიმართვა, თურმე, არაფერს არ ნიშნავს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამერიკის კონგრესი ფეხზე დგომითა და აპლოდისმენტებით შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, მის სიტყვას მსოფლიოში აქვს ფასი და თუ ირაკლი კობახიძისთვის არა აქვს ამ სიტყვას არანაირი ღირებულება, ეს ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს.

– მსოფლიო მედიამ, ზელენსკისა და ბაიდენის შეხვედრას ისტორიული უწოდა, თქვენი აზრით, მსგავსი ფაქტები და განცხადებები იქონიებს, თუ არა გავლენას კავკასიაზე, კონკრეტულად კი – საქართველოზე?

– მგონია, რომ უკრაინა აკეთებს ჩვენს გასაკეთებელსაც და უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება სწორედ, ზელენსკის პოზიციას, მათ შორის, “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებთან მიმართებაში. ამიტომ, მე მათ მოვუწოდებ, რომ ცოტა ფრთხილად იყვნენ თავიანთ შეფასებებში, იყვნენ უფრო მოზომილები ისე, როგორც ეკადრება საქართველოს და არა ისე, როგორც სჭირდება მათ რუსულ ინტერესებს. დიახ, გადამწყვეტი იქნება უკრაინის პოზიცია მომდევნო წლების განმავლობაში, მსოფლიო და მათ შორის, კავკასიურ პოლიტიკაშიც.

– თქვენი ინიციატივითა და თქვენ მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაციის მეშვეობით, შეძენილ იქნა გენერატორები, რომლებიც უკვე გაიგზავნა უკრაინაში…

– დიახ, დავაფუძნე საქველმოქმედო ორგანიზაცია, “ჰელფერი საქართველო”. “ჰელფერი” ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც დამხმარე. პირველ რიგში, ეს იყო უკრაინისადმი დახმარება. ჩვენ შევაგროვეთ თანხები, რამდენიმე გენერატორი პირადად მე და ჩემმა მეგობარმა შევიძინეთ, დანარჩენი თანხები კი საქართველოში და ემიგრანტების შემოწირულობით შეგროვდა. შევიძინეთ 12 დიდი და 3 საოჯახო ტიპის გენერატორი. დღეს, ჩვენ ვეკონტაქტეთ უკრაინის საელჩოს, გადავეცით და ჩავაბარეთ ეს ყველაფერი. დღეს, ასევე, დაიტვირთა დიდი ტრაილერი, მათ შორის იყო ჩვენი ჰუმანიტარული ტვირთიც, რომელიც დღესვე დაილუქება საბაჟოზე და ხვალ უკვე გაიგზავნება უკრაინაში. ჩვენს ტვირთს ჰყავს ერთი კონკრეტული ადრესატი, ეს არის ოდესის საბავშვო ბაღი, სადაც ექიმად ქართველი მუშაობს, რომელმაც პერსონალურად ითხოვა, რომ იქნებ, საბავშვო ბაღისთვის მიგვეწოდებინა ერთი გენერატორი, ხოლო დანარჩენს, უკრაინული მხარე გაანაწილებს, მას შემდეგ, რაც ტვირთი უკრაინაში ჩავა. მიხარია, რომ ეს ყველაფერი ახალ წლამდე მოესწრება და ახალ წელს ჩვენი, ძალიან მოკრძალებული და მცირედი წვლილიც იქნება იმ სტრატეგიული ობიექტების განათებაში, იქნება ეს საავადმყოფო, თუ მეტროსადგური, რასაც უკრაინული მხარე საჭიროდ ჩათვლის. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც გულით გაიღო თანხა. ჩვენი ორგანიზაციის ანგარიშზე ირიცხებოდა 2 ლარი, 5 ლარი, 8 ლარი, 10 ლარი, ასევე, იყო სოლიდური შემოწირულობებიც და ასე შეგროვდა ამ გენერატორების თანხა. ახალ წელს ჩვენ გავუნაწილებთ სინათლეს ჩვენს უკრაინელ ძმებს და დებს. გვინდა, რომ 2023 წელი უკრაინაში გამარჯვების წელი იყოს და მშვიდობის მომტანი უკრაინელი ხალხისთვის.

– ძირითადად, რას ემსახურება ეს ფონდი?

– ჩვენ დავეხმარებით ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება დასჭირდება. ეს არის პირველი ქართული ენერტი პროექტიც. საერთაშორისო ფონდია, ჩვენი მეგობარი ბიზნეს-კომპანიების დახმარებით შევქმენით. აქ აკუმულირდება საქველმოქმედო თანხები და ძალიან მასშტაბურ საქველმოქმედო პროექტებს შევთავაზებთ ქართულ საზოგადოებასაც.

– ბოლო დროს, საკმაოდ აქტიურად ვრცელდება ინფორმაციებიიმასთან დაკავშრებით, რომ პოლიტიკაში აპირებთ მოსვლას. ველოდოთ, თუ არა, ელისო კილაძეს პოლიტიკაში?!

– მე ვთქვი “ჰო” და ეს იქნება, ალბათ, 2023 წელს, ან 2024 წლის დასაწყისში. ვნახოთ, პროცესები მიდის იქამდე, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობა, არსებულმა პოლიტიკურმა ასპექტმა, უკვე ამოწურა. სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვხედავთ და ბოლო გამოკითხვებით, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ უჭერს. სურვილი ნამდვილად მაქვს და თუ ეს გადაწყვეტილება, საბოლოოდ, მივიღე, ეს იქნება, ამ ადამიანების მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯი, რომლებსაც უნდათ, რომ ახალი სახეები იხილონ ქართულ პოლიტიკაში.

ავტორი: მზეკო ჟვანია

banner
წინა სტატიაშითეთრი სახლი: ჩრდილოეთ კორეამ ,,ვაგნერს“ ნოემბერში ნაღმტყორცნები და რაკეტები მიაწოდა
შემდეგი სტატიაბაიდენი მზად არის პუტინთან შესახვედრად