მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ხვალ ჩავა

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ხვალ ჩავა – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა კურიერთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

სააკაშვილს ცოტა ხნის წინ უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა მოქალაქეობა აღუდგინა. ის ამბობს, რომ საქართველოშიც ისევე დამარცხდება ბიძინა ივანიშვილი, როგორც პეტრო პოროშენკო დამარცხდა უკრაინაში.

მისი განცხადებით, ის უკრაინაში ბრუნდება, თუმცა, უკრაინასთან ერთად მისი საზრუნავი კვლავ საქართველოა.

“მან დამიბრუნა უკრაინის მოქალაქეობა, რომელიც უკანონოდ მქონდა ჩამორთმეული ისევე, როგორც უკანონოდ ვიყავი გაძევებული ქვეყნიდან. მე ხვალ, დღის მეორე ნახევარში, ჩავფრინდები კიევში, სადაც მყავს ძალიან ბევრი თანამებრძოლი. კიევში, სადაც ვსწავლობდი, ვმსახურობდი არმიაში. კიევში, სადაც ბევრი მიბრძოლია, ციხეშიც კი ვმჯდარვარ. კიევში ვბრუნდები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი ფიქრები არის საქართველოზე, უკრაინასთან ერთად. მე დავეხმარები უკრაინის ახალ პრეზიდენტს, საინტერესო პიროვნებას, რომელსაც ვიცნობ დიდი ხანია და დავეხმარები უკრაინელ ხალხს.

“უკრაინაში ჩემს წინააღმდეგ იყო ზუსტად ისეთივე პოლიტიკური დევნა, როგორიც არის საქართველოში. ქართველი ერის ისტორიაში ივანიშვილი დარჩება მხოლოდ იმით, რომ მე არ მიშვებს ჩემს ქვეყანაში დროებით, მაგრამ ესეც ძალიან მალე დასრულდება. მე დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას და გამოსტაცებს მას ხელიდან და ზუსტად ისე დამარცხდება, როგორც დამარცხდნენ მისი კოლეგები უკრაინაში,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივლადიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა
შემდეგი სტატიანიკა მელია: სამართლიანობა აღდგა!