მიხეილ ბენიძე: მთლიანობაში, არჩევნების დღე შედარებით მშვიდ გარემოში და ორგანიზებულად მიმდინარეობდა

მთლიანობაში, არჩევნების დღე შედარებით მშვიდ გარემოში და ორგანიზებულად მიმდინარეობდა, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ბენიძემ გადაცემა 2030-ში განაცხადა.

„პირველი ტურისგან განსხვავებით, სადაც ხმის დათვლა პრობლემური იყო და ძალადობრივი ინციდენტებიც გვახსოვს, მეორე ტურში მოვლენები მსგავსი სცენარით არ განვითარებულა. დარბევას და მსგავს მოვლენებს ადგილი არ ჰქონია და ხმის დათვლის პროცესი შედარებით მშვიდი იყო. თუმცა, ცალკეული პრობლემები იყო როგორც კენჭისყრის მიმდინარეობისას, ასევე ხმის დათვლის პროცესში. ჩვენ გამოვავლინეთ ხმის მიცემის დარღვევის არაერთი შემთხვევა და მარკირებასთან დაკავშირებული პრობლემები. დღის განმავლობაში, შედარებით მნიშვნელოვანი დარღვევები კონცენტრირებული იყო მარნეულის საარჩევნო ოლქში“, – განაცხადა ბენიძემ.

მისი თქმით, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ აღმოჩენილი დარღვევები უმეტესად, ცალკეული შემთხვევები იყო.

„ეს საერთო ტენდენცია არ ყოფილა და დარღვევებს მასობრივი ხასიათი არ ჰქონია. ამიტომ, ეს დარღვევები არჩევნების შედეგებზე ვერ იმოქმედებს. თუ ერთი უბანი გაუქმდა, შესაძლოა, ამან თანაფარდობა შეცვალოს, მაგრამ შედეგთან დაკავშირებით, ეს ვერანაირ სერიოზულ ძვრას ვერ გამოიწვევს, მაგალითად – ზუგდიდის ოლქში, სადაც დარღვევები აღმოვაჩინეთ და უბნის ბათილობასთან დაკავშირებით, საოლქო კომისიაში შესაბამისი საჩივარი შევიტანეთ“, – განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა.

მიხეილ ბენიძემ საარჩევნო უბნებზე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ეგიდით მყოფ დამკვირვებლებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„ხშირია შემთხვევები, როცა გარკვეული პირები, რომლებსაც შესაძლოა, აფილაცია ჰქონდეს ამა თუ იმ პარტიასთან, საარჩევნო უბნებზე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ეგიდით არიან. ეს ახალი პრაქტიკა არ არის. მსგავსი შემთხვევები ვნახეთ 2012 წლის არჩევნებზე, როცა სხვადასხვა პარტიებს მათთან აფილირებული დამკვირვებელი ორგანიზაციები ჰყავდათ. როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში ამან ფორმა იცვალა და მსგავს შემთხვევებს მედიაორგანიზაციების სახით ვხედავთ. სხვათა შორის, ეს მხოლოდ ქართული ფენომენი არ არის“, – განაცხადა ბენიძემ.

როგორც მან აღნიშნა, დამკვირვებლების აკრედიტაციასთან დაკავშირებით რეგულაციების შემოღებისას კარგად დაფიქრებაა საჭირო.

„თუ რეგულაციების შემოღებაზე ვიფიქრებთ, მნიშვნელოვანია, ეს საკითხი კარგად გავიაზროთ, რადგან ამ მიმართულებით, დღეს საკმაოდ ლიბერალური მიდგომა გვაქვს და ზოგადად, ამას ვემხრობით. კარგია, როცა საარჩევნო ადმინისტრაცია დამკვირვებლებლებისთვის და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის გახსნილია, იმისთვის, რომ პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს“, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

banner
წინა სტატიაში“ყველა ნაბიჯი გადაიდგმება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებების პროგრამის შესაბამისად”
შემდეგი სტატია„ყველამ თავის ბებიას მიხედოს“ – მოხუცი ქალის თქმით, შვილიშვილები ეხუმრებოდნენ