მიეცით შესაძლებლობა პარლამენტარებს, შემოვიდნენ საკრებულოს სხდომაზე – საკრებულოს ოპოზიცია გიორგი ალიბეგაშვილს მიმართავს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 10, 2017 16:35

მიეცით შესაძლებლობა პარლამენტარებს, შემოვიდნენ საკრებულოს სხდომაზე – საკრებულოს ოპოზიცია გიორგი ალიბეგაშვილს მიმართავს

თბილისის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ოპოზიცური პარტიის წევრებმა საკრებულოს უმრავლესობას და საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართეს. ოპოზიციონერებმა საკრებულოს თავჯდომარე საკრებულოს სხდომის დახურვის და სხდომაზე პარლამენტის დეპუტატების არშეშვების გამო გააკრიტიკეს.

საკრებულოს სხდომის დაწყებამდე, რეგლამენტის მიხედვით, ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგი უნდა დაამტკიცონ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის – თბილისის“ თავმჯდომარემ, მამუკა ახლვლედიანმა, საკრებულოს უმრავლესობას მიმართა და აღნიშნა, რომ დღეს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონის საწინააღმდეგოდ იქნება მიღებული.

ენმ-ის წევრმა, მარიკა დათუკიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა და მოსთხოვა, განემარტა, რატომ არ დაუშვა საკრებულოს სხდომაზე პარლამენტის წევრები.

„გადავწყვიტე, რომ დავესწრო ამ სხდომას და მოგიწოდოთ, რომ სხდომა გაასაჯაროოთ, მიეცით შესაძლებლობა პარლამენტის წევრებს, შემოვიდნენ საკრებულოს სხდომაზე,“ – განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა საკრებულოში, ხათუნა სამნიძემ, გიორგი ალიბეგაშვილს, მიმართა კითხვით, თუ რის საფუძველზე დახურა სხდომა და მოითხოვა, რომ ღია იყოს საკრებულოს სხდომა. მან გიორგი ალიბეგაშვილი რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სუს-ის წევრები საკრებულოს შენობიდან ფოტოებს იღებდნენ.

„თქვენ არ გქონდათ არანაირი უფლება, მიგეღოთ გადაწყვეტილება და დღეს მთელი სახელმწიფო მანქანა მობილიზებული ყოფილიყო და საკრებულოს ირგვლივ იმდენი დაცვა ყოფილიყო, რომ არავის არ ჰქონდა შესაძლებლობა შემოსვლის ამის შესაძლებლობა თქვენ არ გქონდათ,“ – მიმართა სამნიძემ ალიბეგაშვილს.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ეროვნული ფორუმის წევრი, შორენა ბუხრაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე გააკრიტიკა პარლამენტის დეპუტატების არშეშვების გამო და მოუწოდა, რომ დაუშვას პარლამენტარები გარეთ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია დედაქალაქის თავმჯდომარემ, ზაზა ვეკუამ, გიორგი ალიბეგაშვილს კანონის დაცვისკენ მოუწოდა.

საკრებულოს სხდომას ესწრება ირაკლი ნადირაძე, რომელმაც განაცხადა, რომ “ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, საჯარო სივრცეები თბილისელებს მოსტაცოს”. ნადირაძე კანონის უხეშ დარღვევაზე საუბრობს იმის გამო, რომ საკრებულოს შენობაში პარლამენტის დეპუტატებს არ უშვებენ და ამ წუთებში ისინი შენობის წინ აქციას მართავენ და სხდომაზე დასწრებას ითხოვენ.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატმა, სევდია უგრეხელიძემ, სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეს მოუწოდა, რომ დაიცვას კანონი და ის ხალხი, ვისაც სხდომაზე დასწრების სურვილი აქვს, მისცეს ამის შესაძლებლობა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია რესპუბლიკელების წევრმა, დავით ზურაბიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარეს იმ ნორმატიული აქტის დასახელებისკენ მოუწოდა, რის საფუძველზეც, პარლამენტარებს შესვლის საშუალება არ მისცეს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 10, 2017 16:35

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,562
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics