მეუფე სტეფანე იღუმენ დანიელს – თუ არ დაემორჩილებით ჩვენს მოთხოვნებს, იძულებული ვართ, სამღვდელო ხარისხიდან განგკვეთოთ

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) იღუმენ დანიელს (გვილავა) ბოლო გაფრთხილებას აძლევს. შესაბამისი ბრძანება ჭყონდიდის ეპარქიის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

ბოლო გაფრთხილება ურჩობაში მყოფ იღუმენ დანიელს (გვილავა)

მამა დანიელ,

მოგმართავთ მამობრივი ზრუნვითა და თქვენი სულის ცხონებისათვის პასუხისმგებლობის გრძნობით.

გპატიობთ თქვენს მიერ პირადად ჩემდამი დღემდე გამოთქმულ ყველა შეურაცხმყოფელ სიტყვას და ქმედებას და ამავე დროს გთხოვთ შენდობას, თუ ნებსით ან უნებლიედ გამოვთქვი, ან მოვიმოქმედე რაიმე თქვენდამი პიროვნული შეურაცხყოფის სახით.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი არ ცნობა და არ მოხსენიება ჭყონდიდელ მიტროპოლიტად, ვერ ჩაითვლება ჩემს პირად შეურაცხყოფად, არამედ ამით თქვენ შეურაცხყოფთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის წმიდა სინოდს, რომელმაც გამომირჩია ჭყონდიდელ მიტროპოლიტად.

ამავე დროს, შეგახსენებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობისთვის და სასულიერო პირისთვის შეუფერებელი საქციელისთვის, თანახმად მოციქულთა კრების 6; 39; 55; 58; მე-4 მსოფლიო კრების 4; 8; 18; ტრულის კრების 34; ორგზისი კრების 13 და 15 კანონებისა, თქვენ აგეკრძალათ მღვდელმსახურება 2021 წლის 4 აპრილის #6 ბრძანებით.

მიუხედავად იმისა, რომ არაერთგზის მოგიწოდეთ სინანულისკენ, თქვენ კვლავ განაგრძეთ ანტიკანონიკური ქმედებები, კერძოდ:

2021 წლის 6 აპრილს არ მიეცით საშუალება ჩემს მიერ, ხარების დღესასწაულის ჩასატარებლად გამოგზავნილ იღუმენ გრიგოლს (დარსალია) ხარების ლოცვის ჩატარების შესაძლებლობა სალხინოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში. მეტიც, მღვდელმოქმედების აკრძალვის მიუხედავად, კადნიერად ჩაატარებინეთ მღვდელმოქმედება-აკრძალულ მღვდელ-მონაზონ ლუკას (იბრაგიმოვი) და ბერ-დიაკონ პეტრეს (ღუდუშაური) ხარების ლოცვა 6 აპრილს, ხოლო მეორე დღეს, 7 აპრილს, სჯულის კანონის სრული უგულვებელყოფით, თავადაც ჩაატარეთ ხარების სადღესასწაულო მსახურება.
2021 წლის 21 აპრილს, თქვენ და თქვენმა მხარდამჭერებმა, ობსტრუქცია მოგვიწყვეთ, პირადად მე და ჩემ თანმხლებ პირებს და არ შეგვიშვით წირვის ჩასატარებლად სალხინოს იმავე ტაძარში.
2021 წლის 22 აპრილს, თქვენ და თქვენმა მხარდამჭერებმა, ვინმე კერძო პირის სალხინოს იმავე ტაძარში შესვლის გამო, დებოში ატეხეთ ტაძრის შიგნით და არ მიეცით ჩემგან გამოგზავნილ მღვდელმსახურებს საზოგადო ლოცვის ჩატარების საშუალება.
ამ და მსგავს უკეთურ ქმედებათა გამო, გაგაფრთხილეთ და სინანულისკენ მოგიწოდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ და თქვენთან ერთად უკანონოდ მოქმედი სხვა სასულიერო პირები უნდა განმეკვეთეთ სამღვდელო ხარისხიდან, თუმცა დაგინდეთ და 2021 წლის 24 აპრილს არ აღვასრულე ეს კანონიკური ქმედება.

ამის საპასუხოდ, იმის მაგივრად, რომ მოგენანიებინათ თქვენი, სასულიერო პირისთვის შეუფერებელი საქციელი, იქვე, თამაკონში, მას შემდეგ, რაც გამოვედი ტაძრიდან, ისევ მოგვიწყვეთ ობსტრუქცია და დაგვემუქრეთ დაპირისპირებით ბზობის დღესასწაულის აღნიშვნის დროს, სალხინოს მონასტრის ტერიტორიაზე, რაც აღასრულეთ კიდევაც მეორე დღეს.

2021 წლის 25 აპრილს დილის 10 საათზე, ბზობის დღესასწაულზე წირვის ჩასატარებლად მოსულს, თქვენ და თქვენმა მხარდამჭერებმა, გადამიკეტეთ ტაძარში მისასვლელი გზა, ჩაკეტეთ ალაყაფის კარი, ხოლო მონასტრის ეზოში შესასვლელ მცირე კარებში ისე ჩადექით, რომ შეუძლებელი იყო შიგნით შესვლა. ამან გამოიწვია თქვენგან დაპირებული დაპირისპირება და ჩხუბი, რაზეც პასუხისმგებლობა პირადად თქვენ და თქვენს მხარდამჭერებს გეკისრებათ.

უნდა ითქვას, რომ ამ ყველაფრის გამო, პასუხი მყისიერად არ მოგეთხოვათ, არც თქვენ და არც თქვენთან ერთად თავხედურად მოქმედ სასულიერო პირებს, იმ, ყველა კანონიერი ჩარჩოდან გასული მოქმედებების გამო, რაც ჩაიდინეთ ამ ხნის განმავლობაში. მოგეცით საშუალება ვნების შვიდეულისა და უფალ იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის მადლით, დაგენახათ თქვენი ქმედებების უკეთურობა და მოგენანიებინათ ჩადენილი დანაშაულებები ეკლესიისა და მრევლის წინაშე. თუმცა, როგორც ჩანს, თქვენ ამ ჩვენს დამნდობ დამოკიდებულებას და სინანულისკენ მოწოდებას, ჩვენს სისუსტედ აფასებთ და კვლავ განაგრძობთ ურჩობას და დაუმორჩილებლობას.

თქვენი დესტრუქციული ქმედებები კვლავ გაგრძელდა. ჩვენს მიერ ა.წ. 15 მაისს შექმნილმა საეპარქიო კომისიამ, რომელსაც ევალება ეპარქიის განკარგვაში არსებული საეკლესიო ქონების აღწერა და გადმობარება, ზედმეტი ხმაურის გარეშე ა.წ. 17 მაისს მოგთხოვათ სალხინოს მონასტერში არსებული ქონების აღწერა და გადმობარება, რაზეც თქვენ კატეგორიული უარი განაცხადეთ. კომისიამ, იმავე მოთხოვნით მეორე დღეს, 18 მაისს კვლავ მოგმართათ, თუმცა კვლავ უარი მიიღო. ამის შემდეგ, საჯაროდ მოგთხოვეთ მონასტერში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღწერა და გადმობარება. რაზეც კვლავ, ასევე საჯაროდ, უარი განაცხადეთ.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, იძულებული ვართ, თქვენი სამღვდელო ხარისხიდან განკვეთის გადაწყვეტილება მივიღოთ, თუ შაბათამდე, ა.წ. 29 მაისამდე არ გამოიჩენთ კეთილგონიერებას და არ დაემორჩილებით ჩვენს კანონიერ მოთხოვნებს, რაც უნდა გამოიხატოს დადიანების სასახლის, ღვინის სახლის, მონასტრის მარნისა და მოურავის სახლის გასაღებების გადმოცემაში, და აღწერისა და გადმობარების პროცესის ხელშეწყობაში.

მოგიწოდებთ კეთილგონიერებისაკენ და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, თქვენი სულისთვის მეტად საშიში, უაზრო დაუმორჩილებლობის შეწყვეტისაკენ.

ქრისტესმიერი სიყვარულით,

თქვენი სულისთვის მზრუნველი

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგამოცემა „ნიუსვიქი“ საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის სტატიას აქვეყნებს
შემდეგი სტატიაევროკავშირი აფასებს ჩვენს ძლიერ პარტნიორობას – შარლ მიშელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს