მეუფე დიმიტრი ე.წ. ციანდის საქმეზე – დღეს მოვისმინეთ ახალი ტერმინი – შურისძიება, ეს მაინცდამაინც მყარი ვერ არის

ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელსაც სვამს საზოგადოება და მათ შორის ჩვენც, გახლავთ ის, თუ რა შუაში იყო ამ საქმესთან საერთოდ შორენა თეთრუაშვილი და მისი მკვლელობა, ეს ძალიან გაუგებარი იყო, – ამის შესახებ პატრიარქის ძმისშვილმა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოტანილი განაჩენი შეაფასა.

მეუფე დიმიტრის განცხადებით, დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილების დროს „მაინცდამაინც გამყარებული საკითხები ვერაფრით ვერ დავინახეთ“.

მისი თქმით, სასამართლოზე დაკითხვის დროს იყო ერთგვარი ზეწოლა, რომ შორენა თეთრუაშვილის მიმართ შექმნილიყო „ეკლესიაში მისი მძლეთამძლეობის შთაბეჭდილება“.

მეუფე დიმიტრის თქმით, მეუფე პეტრეს განცხადებებმა შორენას მძლეთამძლეობაზე, პროკურატურის წისქვილს დაასხა წყალი.
„სასამართლოზე დაკითხვის პერიოდში არაპირდაპირი მნიშვნელობით, იყო ერთგვარი მოთხოვნა, რბილად რომ ვთქვათ ზეწოლა იმისა, რომ შექმნილიყო ერთგვარი მოტივაცია ქალბატონ შორენა თეთრუაშვილის მძლეთამძლეობაზე, რომ ის გარკვეულწილად წყვეტს ეკლესიაში საკითხებს, მას შეუძლია შეაჩეროს ადამიანის წინსვლა ან საერთოდ დააბრკოლოს და სხვა, რაზეც მე მათ განვუცხადე, რომ ეს შეურაცხყოფაა ეკლესიის, ეს შეურაცხყოფაა პატრიარქის, იმიტომ, რომ ეკლესიას მართავს სინოდი საეკლესიო დებულებით „პატრიარქისა თანაი“. ასეა წესდებაში და იყო შემთხვევები წმინდა სინოდის სხდომების დროს, როცა მის უწმინდესობას ჰქონდა სურვილი, რომ ვინმეს კანდიდატს ასახელებდა მღვდელმთავრად, თუმცა ეს ვერ განხორციელებულა სინოდის წინააღმდეგობის გამო.

დღეს მოვისმინეთ ახალი ტერმინი – შურისძიება, რომ ეს შურისძიებით მოხდა. აქამდე ვისმენდით, რომ ეს იყო ანგარების მიზნით, მაინცდამაინც მყარი ვერ არის”,- განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

რაც შეეხება მეუფე პეტრეს, მეუფე დიმიტრი მიიჩნევს, რომ პროკურატურას მოტივაცია გაუმყარა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, როდესაც ის ამტკიცებდა და ამტკიცებს, რომ შორენა არის მძლეთამძლე და ყველა გადაწყვეტილებას ის ღებულობს.

“ეს ჩემთვის ძალიან უცნაური იყო და პირდაპირი მნიშვნელობით შეგნებულად თუ შეუგნებლად პირდაპირ პროკურატურის წისქვილზე დაასხა წყალი“, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო და თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაში( ვიდეო) გიორგი მღებრიშვილმა თელავში საგანგებო შტაბის თათბირი ჩაატარა
შემდეგი სტატიახულოში ხანძრის ლოკალიზებისთვის სპეციალური გზა გაიჭრა