მელია: ლონდა თოლორაიას ხომ არ დააპატიმრებდნენ ან ნარკოტიკს ხომ არ ჩაუდებდნენ ჯიბეში?

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება არის თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ ებრძვიან განსხვავებულ, კრიტიკულ პოზიციას ხელისუფლების ფარგლებშიც კი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაძლო გაუქმების საკითხს გამოეხმაურა.

მელიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის ის უწყება, რომელსაც მმართველი პარტია ჯერ კიდევ ვერ აკონტროლებს.

„ეს არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც მათ კონტროლს მიღმა იყო და ლონდა თოლორაიას ხომ არ დააპატიმრებდნენ ან ნარკოტიკს ხომ არ ჩაუდებდნენ ჯიბეში? ამიტომ ადგნენ და გააუქმეს ის უწყება, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იძიებს არაადამიანურ მოპყრობას.

მაქსიმუმ 1 თვეში იგეგმებოდა დასკვნის გამოტანა, რომელიც იქნებოდა ძალიან ძლიერი მტკიცებულება არამარტო ჩვენს საერთო სასამართლოებში, არამედ სტრასბურგშიც.

ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება. ყველა ადმინისტრაციული ორგანო და ის დემოკრატიული რესურსი, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია, მხოლოდ ორია – ეს არის სახალხო დამცველი და სახელმწიფო ინსპექტორი. სახალხო დამცველს დროდადრო დაპატიმრებით ემუქრებიან და იმასაც საუბრობენ, რომ ნინო ლომჯარიას ადგილას მათი გუნდის წარმომადგენელი უნდა იყოს. სახელმწიფო ინსტიტუტთან დაკავშირებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც განპირობებულია იმ დასკვნის გასაჯაროებით, რომელიც მათ საჯაროდ უნდა გამოედოთ დაახლოებით 1 თვეში, რაც სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ბევრ საკითხზე ნათელს მოჰგვრის”, – განაცხადა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 28 დეკემბრისთვის
შემდეგი სტატიაპოლიციელი, რომლის გასროლასაც სახლში მყოფი ქალი ემსხვერპლა, გამოუშვეს