მელია – არსად შეჭრის ამოცანა არ არსებობს – საპროტესტო მოძრაობა იქნება დინამიური

არსად შეჭრის ამოცანა არ არსებობს, ამაში დარწმუნდა ყველა, რაც არ უნდა პროვოკაციები მოეწყოთ, რაც არ უნდა ხაფანგი დაეგოთ, ჩვენ ეს გზა გავიარეთ, რთული, მაგრამ ისე, როგორც ეკადრება მართალ ხალხს, არც პოლიციასთან შეტაკება იყო ჩვენი ამოცანა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ მსვლელობისას განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციიდან იუსტიციის სამინისტროსკენ მიემართება.

მელიას განმარტებით, საპროტესტო მოძრაობა იქნება დინამიური, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ დღე სხვადასხვა სახის, შინაარსის, ფორმის აქციები გაიმართება, რომელსაც ექნება მზარდი და ორგანიზებული ხასიათი, იქამდე, სანამ არ იქნება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი.

„იუსტიციის სამინისტროსთან ჩვენ აქცია გვქონდა 10:00 საათზე დაგეგმილი, ჯერ კიდევ გუშინ დავაანონსე ეს აქცია. მე ვფიქრობ, ამას ხედავს ადგილობრივი საზოგადოება, საერთაშორისო საზოგადოება, რომ ჩვენი ამოცანა არ არის რიგით პოლიციელებთან დაპირისპირება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან ანგაჟირებულები და ძნელად თუ უწოდებ დიდ ნაწილს პოლიციელს, ბევრი მათგანი ტყვეობაშია, ნებით თუ უნებლიედ, ამას რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არიან ოლიგარქიული რეჟიმის ნების შემსრულებლები. არსად შეჭრის ამოცანა არ არსებობს, ამაში დარწმუნდა ყველა, რაც არ უნდა პროვოკაციები მოეწყოთ, რაც არ უნდა ხაფანგი დაეგოთ, ჩვენ ეს გზა გავიარეთ, რთული, მაგრამ ისე, როგორც ეკადრება მართალ ხალხს, არც პოლიციასთან შეტაკება იყო ჩვენი ამოცანა. ეს საპროტესტო მოძრაობა იქნება დინამიური – ყოველ დღე სხვადასხვა სახის, შინაარსის, ფორმის აქციები, მზარდი, ორგანიზებული, დისციპლინირებული. ყოველ დღე რამდენიმე სხვადასხვა წერტილში, სხვადასხვა სამინისტროსთან, გადაადგილებით, მოძრაობა და მოძრაობა, მანამ, სანამ ძალიან სწრაფად არ იქნება უზრუნველყოფილი მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება. ახლა არის გლდანის ციხეში მოთავსებული, იქ, სადაც მოტყუებით, მოტაცებით არის მოთავსებული. მოაწყეს ის მიზანსცენა, რაც ვიხილეთ და ამ ყველაფერს სათანადო პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

წინა სტატიაშიბასილაია – გაიტაცეს და მოათავსეს იქ, სადაც მის მიმართ ხორციელდება ფსიქოლოგიური ტერორი
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები იუსტიციის სამინისტროსთან აქციას მართავენ