მე თვითონ წავალ — მოისწრაფიშვილი პრესსპიკერობიდან მის გათავისუფლებაზე

პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, პრეზიდენტის მიერ მისი გათავისუფლება და ადმინისტრაციაში სხვა თანამდებობაზე გადაყვანა სიმართლეს არ შეესაბამება. ის თანამდებობიდან თავისი ნებით წასვლას აპირებს.

“ამ დრომდე განცხადება არ გამიკეთებია, ვრცელი განცხადების გაკეთებას არც ახლა ვაპირებ. თანამდებობრივ პასუხისმგებლობას, ისევე როგორც მორალურს ყოველთვის ვგრძნობდი, ასევე ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩემი კოლეგა ჟურნალისტების მიმართ, რომელთათვისაც ინფორმაციის მიღება და საზოგადოებისათის მიწოდება უპირველესი პროფესიული მოვალეობაა. სწორედ ამ პასუხისმგებლობებიდან გამომდინარე ვთვლი, რომ ჩემი ეს კომენტარი არის აუცილებელი, მაგრამ უფრო ვრცელი განმარტების გაკეთება არ იქნება მართებული. მინდა ვურჩიო პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომელთა სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის და მედიასთან ურთიერთობის მნიშვნელოვნად უფრო ნაკლები გამოცდილება აქვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ საქმეს და არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი, არა სწორი და მცდარი ინფორმაცია.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ გავთავისუფლდი პრეზიდენტის პრესპიკერის თანამდებობიდან და გადავედი ადმინისტრაციაში სხვა თანამდებობაზე არ შესაბამება სიმართლეს.

თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას მე მივიღებ პირადად და როდესაც მივიღებ ამას ვაცნობებ პირველყოვლისა პრეზიდენტს, ადმინისტრაციას და ჟურნალისტებს.

დამატებით საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის თანამდებობაზე მე ვმუშაობ ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შეწყვეტის, ცვლილების რეჟიმს არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა”, — განაცხადა მოისწრაფიშვილმა

წყარო: on.ge

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძის მოძრაობაში ვხედავ რეალურ ძალასა და რესურსს — ანა ნაცვლიშვილი
შემდეგი სტატიახაზარაძე: ტრადიციად იქცა პირადი ადვოკატების გენ.პროკურორებად და მინისტრებად დანიშვნა