მარიამ ჯაში: მოგიწოდებთ, კიდევ ერთხელ დაუკვირდეთ თქვენს გადაწყვეტილებას – ნუ ავნებთ ქვეყანას ამ გადაწყვეტილებით

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა არ დაუჭირა მხარი “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას.

„ფრაქცია ” დამოუკიდებელი დეპუტატების” დაფუძნების დღიდან და ახლად შექმნილი პარტია “ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” დაფუძნების პირველი დღიდან მთავარი მესიჯი გახლავთ, რომ ჩვენ ყოველთვის ვიდგებით სახელმწიფო ინტერესების დასაცავად. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ ვართ ოპოზიციური პოლიტიკური ფრაქცია და ახლად შემნილი პარტია, ჩვენ დავუჭირეთ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რადგან ეს იყო საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის როგორც ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესის დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესების განსამტკიცებლად უაღრესად მნიშვნელოვანი. მერწმუნეთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება დღესაც და მომავალ პარლამენტშიც ჩვენი გუნდის მხრიდან იქნება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ, ნუ გაგაკვირვებთ ჩვენი პოზიცია, თუ ვერ დავუჭერთ მხარს იმ კანონპროექტს, რომელიც აზიანებს სახელმწიფოს, აზიანებს ხელისუფლების გადანაწილების ბალანსის პრინციპებს და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველაზე ჰუმანური, ჩემთვის ყველაზე მშობლიური დარგი -ჯანდაცვა ხდება ავტორიტარიზმისკენ გადასადგმელი ნაბიჯის საფუძველი”, -განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე აკვირდება, კორონავირუსის პანდემიის ფონზე თუ რომელი სახელმწიფოები არიან დემოკრატიულად მოაზროვნე და ხდება აქტიურად დაკვირვება ავტორიტარიზმისკენ გადასადგმელი ნაბიჯების და რომ საქართველო ნამდვილად ვერ მოხვდება საუკეთესო პრაქტიკაში.

“ამდენად, ყველა სამედიცინო თვალსაზრისით და საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით გამართლებულ ნაბიჯში მიგულეთ თანამოაზრედ, მაგრამ მე ვერასოდეს გავხდები თანამოაზრე ანტიკონსტიტუციური კანონის, რომელიც აზიანებს სახელმწიფოს, აზიანებს საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპებს და ასევე მოგიწოდებთ, რომ კიდევ ერთხელ დაუკვირდეთ თქვენს გადაწყვეტილებას, ნუ ავნებთ ქვეყანას ამ გადაწყვეტილებით!” – მიმართა მარიამ ჯაშმა საპარლამენტო უმრავლესობას.​

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომლითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ შეზღუდვების უფლება 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდება
შემდეგი სტატიაანრი ოხანაშვილი ოპოზიციას: არ გაქვთ თქვენ პოლიტიკური და მორალური უფლება, რომ კითხვის ნიშნები დასვათ