მანჯგალაძე – „ქართული ოცნება“ 2000-წლოვან ქრისტიანულ ქვეყანას ეუბნება, რომ „ჩვენ თუ არ დაგიცავით, გარყვნილება წაგლეკავთ“ – ეს პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლების პიარია

„ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებს და ეუბნება, თქვენ არც მართლმადიდებლები ხართ, არც ქრისტიანები ხართ, არავინ ხართ და ჩვენ თუ არ დაგიცავით, გარყვნილება წაგლეკავთ – ეს არის მავნებლობა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტი შეაფასა.

მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლების პიარია.

„მამუკა მდინარაძემ და „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად, პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენეს ქართველ ხალხს, როცა თქვეს, რომ ახლა ჩვენ თუ არ დაგიცავთ თქვენ, თქვენს ოჯახებს, ისე საქართველოს წალეკავს გარყვნილება. ეს არის ქრისტიანული ქვეყნის შეურაცხყოფა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ “ქართული ოცნება” არის პოლიტიკურად გაკოტრებული და ცდილობს, ცრუ დილემის შექმნით, შექმნას ხელოვნური არგუმენტი “ქართული ოცნების” ასარჩევად. სისულელეა, ვინც მოიგონა ეს ყველაფერი და ეს მოქმედებს საქართველოზე ძალიან ნეგატიურად.

ის, რომ ინცესტისგან გვიცავს “ქართული ოცნება” ქართველებს, 2 000-წლოვან ქრისტიანულ ქვეყანას, ეს არის მავნებლობა, რომელიც პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს 2 000-წლოვან კულტურას, ტრადიციას და ქვეყანას. ქართული ოჯახების შეურაცხყოფაა ამის ჩაწერა კონსტიტუციაში და კანონში. ესენი არიან მავნებლები, ვინც მოიგონა,” – განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიბუჩუკური – კანონის წინაშე ყველა თანასწორია…სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის
შემდეგი სტატიაპაკისტანის საზღვაო ბაზაზე შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად ერთი სამხედრო დაიღუპა