მანჯგალაძე – ჩვენ ვქმნით თავისუფალ პლატფორმას, ეს პლატფორმა ყველა იმ ადამიანისთვისაა, ვინც ფიქრობს, რომ აუცილებელია განსხვავებული გზა

„სტრატეგია აღმაშენებელს“ დაგეგმილი აქვს ევროპული ტიპის ოთხფაზიანი კამპანია. ჩვენ ბოლო ფაზაში დაგეგმილი გვქონდა სამი დიდი შეხვედრა თბილისში, ქუთაისსა, ბათუმში. დაველოდებით პანდემიურ ვითარებას როგორი იქნება ქვეყანაში, თუ ვნახეთ, რომ ეს რეალობა იქნება, ჩვენ მოგვიწევს ამ შეკრებებზე უარის თქმა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 20 აგვისტოდან დაიწყება თითოეული ფაზის განხორციელება.

„40 დღე იქნება დარჩენილი 20 აგვისტოდან და ყოველი 10 დღის ვადაში ახალ ფაზას შემოგთავაზებთ. პირველი იქნება კანდიდატების დასახელება, შემდეგ იქნება სოფლებში ხალხთან შეხვედრები. შემდეგ იქნება პრეზენტაციები იმ ცვლილებების, თუ რის შეთავაზებას ვაპირებთ, რომ ხალხმა არჩევანი გააკეთოს არა ცუდსა და უარესს შორის, არამედ პოზიტიური უპირატესობის ფონზე, რომელსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ შესთავაზებს. მერობის კანდიდატების დასახელება არ გასცდება ჩვენი ფაზების მიხედვით 20 აგვისტოდან 2 სექტემბრის ვადას. ჩვენ ვქმნით თავისუფალ პლატფორმას, იმ ხალხისთვის, ვისაც არ მოსწონს წინა ხელისუფლება, ვისაც არ მოსწონს ახლანდელი ხელისუფლება, ასეთი ამომრჩეველი არის 40% და ღიაა ეს პლატფორმა ყველა ამ ადამიანისთვის, ვინც ფიქრობს, რომ აუცილებელია განსხვავებული გზა. გიორგი ვაშაძემ სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებაში შეიქმნას ახალი პოლიტიკური კულტურა, ახალი სტანდარტი, თავის პირად ამბიციაზე მერობასთან დაკავშირებით უარი თქვა საერთო ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე და ის დაეხმარება ყველა ადამიანს, ყველა მაჟორიტარს სოფელ-სოფელ, ვინც ახალ სიტყვას იტყვის განვითარებაზე, სოფლებისა და ქალაქების დონეზე“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – ვერ მოვაბილიზებთ იმ საწოლებს, რომელიც ფიზიკურად არ გვაქვს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – დღეს „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ ჰყავს საქართველოში