მამუკა მდინარაძის თქმით, უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებთან კონსულტაციებს გამართავს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებთან კონსულტაციების გამართვა გასაკვირი არ უნდა იყოს.

მდინარაძის თქმით, ამ მიმართულებით განსაკუთრებული არაფერი ხდება, თუმცა პარადოქსულია ის, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებენ.

„კონსულტაციები ამ სიტუაცუაში გასაკვირი არ უნდა იყოს, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული. ყველაზე განსაკუთრებული და პარადოქსული იცით რა არის? ყველაზე ძალიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რომ წუხანან და ადამიანებს მოუწოდებენ ქუჩაში გამოდითო. უფრო ობიექტურია, თამარ ჩუგოშვილს, მე და სხვებს რომ რაღაც არ მოგვეწონოს ამ ამბავში, ვიდრე – „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, რომელთა დროსაც შერეული სისტემით ტარდებოდა არჩევნები. რაც თვითონ არ შეუცვლიათ, ახლა აპოკალიფს და კატასტროფას ამაში ხედავენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის აზრით, დეპუტატებმა, რომლებმაც უმრავლესობის რიგები დატოვეს, ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღეს.

„სამწუხარო არის ის, რა განცხადებაც გააკეთეს ჩვენმა მეგობრებმა და „ქართული ოცნების“ გუნდის ძალიან ღირსეულმა წევრებმა. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება იმწუთიერი, ძალიან ნაჩქარევი, ცხელ გულზე და ემოციებით მიღებული იყო. მე პირადად დაველაპარაკები მათ, რადგან ისინი ჩვენი გუნდის ძალიან ფასეული და ღირსეული წევრები არიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიხუხაშვილი ივანიშვილზე: მე მოკლე წერილს დავწერდი – “პირობა დავდე. ვერ შევასრულე. წავედი”
შემდეგი სტატია“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალი არჩევნები არ ჩატარდეს დღეს მოქმედი სისტემით”