მამუკა მდინარაძე : საქართველოში დემოკრატიის განვითარება და დასავლურ სტრუქტურებთან ინტეგრაცია შეუქცევადია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოში დემოკრატიის განვითარება და დასავლურ სტრუქტურებთან ინტეგრაცია შეუქცევადია, რაც არასდროს გადაიხედება.

ჟურნალისტებთან საუბარში მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ძალიან კარგია, რომ ამერიკაში საქართველოს მიმართ განწყობა უაღრესად პოზიტიურია.

მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელ კიზინგერს შორის ფანტასტიური შეხვედრა შედგა.

„მათთან ბევრ თემაზე ვსაუბრობთ. რიგ შემთხვევებში ძალიან მწვავე კრიტიკაშიც კი მათი მოტივაცია მხოლოდ მეგობრობა და საქართველოში დემოკრატიის განვითარების გაგრძელებაა. რამდენიმე ამერიკელი კოლეგისა და კიზინგერის განცხადებებს ერთმანეთისგან გავარჩევდი, რადგან ერთ შემთხვევაში „ფრონტერას“ ლობიზმიდან გამომდინარე კომენტარებსაც კი ვისმენდით, მაგრამ კიზინგერის შემთხვევაში ვიცით, რომ მას მოტივაცია აქვს მხოლოდ ჩვენთან მეგობრობა და მისი საუბარი აქედან არის გამოწვეული. საქართველოში დემოკრატიის განვითარება და დასავლურ სტრუქტურებთან ინტეგრაცია შეუქცევადია და ეს არასოდეს გადაიხედება. ის, რაც 2017 წელს კონსტიტუციაში ჩაიწერა, არასოდეს არ გადაიხედება, რადგან ჩვენი კურსი დასავლურია და საქართველო ამ კურსს ყოველთვის უზრუნველყოფს“, – აღნიშნავს მდინარაძე.

მამუკა მდინარაძე ამერიკაში მიმდინარე ვიზიტზე ოპოზიციის შეფასებებსაც გამოეხმაურა.

“რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს, სერიოზული პასუხის გაცემა არ შეიძლება კლოუნადაზე, რომ ვიღაცას ყური აწეული ექნება. მარგინალურია გამოთქმა, რომ ვიღაცას ყური აუწიეს. პოლიტიკაში ასეთი ტერმინებით არ საუბრობენ, უხერხული და სირცხვილია ასეთი შეფასებები კოლეგების მიმართ. ოპოზიციამ იფიქროს, რომ ეუთო/ოდირისგან სერიოზული დატუქსვა მიიღო. იხელმძღვანელონ იმ გამონათქვამებით, რასაც ამერიკელი კოლეგები დღეს აკეთებენ, მათ ძალიან სწყინთ და არა იმ მარგინალური ფრაზებით, რაც შეეხება ყურის აწევას და ა.შ.“, – განაცხადა დეპუტატმა.

banner
წინა სტატიაშისაჯარო მმართველობის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილმა კელი დეგნანს უმასპინძლა (ფოტო)