მამუკა მდინარაძე ნაცმოძრაობის ლიდერებს მოუწოდებს ნუ დაუმალავენ თავიანთ აქტივს შიდა კვლევის შედეგებს

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე მოუწოდებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, არ დაუმალონ თავიანთ პარტიულ აქტივს ბოლო კვლევის მონაცემები, რომლის მიხედვით მათი რეიტინგი კატასტროფულად დაბალია.

„მე მოვუწოდებ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, ლიდერებს უფრო სწორად, ვინც იცის კვლევის შედეგები – მათი კვლევის და არა ჩვენი კვლევის, მათივე კვლევის შედეგები – რა რეიტინგები აქვს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, რა რეიტინგები აქვს სხვა ოპოზიციურ პარტიებს და რა რეიტინგი აქვს ამ დროს ქართულ ოცნებას. პარტიულ აქტივს ნუ დაუმალავენ ჩვენი ან რომელიმე კვლევის მონაცემს კი არა, მათი ბოლო კვლევის მონაცემი რას ამბობს და რა რეიტინგი აქვს ნაცმოძრაობას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ნაცმოძრაობის ცენტრალური შტაბის ზოგმა წარმომადგენელმაც კი არ იცის მათივე პარტიის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემი იმიტომ, რომ ეს არის მათთვის კატასტროფულად დაბალი.

„მე რა ინფორმაციაც მაქვს, ეს არის ოპოზიციური პარტიების გაერთიანების, ყველასი ერთად, დაახლოებით 40% და ქართული ოცნების დაახლოებით 60%, ზუსტი ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს, მაქვს დაახლოებითი მონაცემები და ყველა რეალური კვლევა ამას ადასტურებს. სიმართლე არსად იმალება და ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ნაცმოძრაობის ლიდერებს, გაუმხილონ თავის პარტიულ აქტივს ის მონაცემები, რომლებიც მიიღეს მათ მათივე დაკვეთით საკმაოდ ნორმალური და სერიოზული ორგანიზაციისგან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

banner
წინა სტატიაშიმთაწმინდაზე სულხან-საბას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაარასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მუდმივმოქმედ კომისიაში ვაკანსიები გამოცხადდა