მამუკა მდინარაძე ირმა ინაშვილს – მოსყიდვასა და დაშინებას ამბობთ თქვენც და „ნაცებიც“, საერთო მესიჯი გამოგდით

„პატრიოტთა ალიანსსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთო მესიჯი გამოგდით, მოსყიდვასა და დაშინებას ამბობთ თქვენც და „ნაცებიც“, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერ ირმა ინაშვილს.

მისი თმით, საარჩევნო შედეგები დამოკიდებულია იმ სიმართლეზე, რომელიც არ არის ორგვარი ინტერპრეტაციის საფუძველი.

„ირმა ინაშვილმა თქვა, რომ 12-15%-ია ჩვენი მხარდაჭერა და თურმე სოფლებში არ დავდივართ მაშინ, როცა რამდენიმე ასეული სოფელი ჩვენმა დეპუტატებმა მოიარეს უკანასკნელი ორი-სამი თვის განმავლობაში და ზუსტად ვიცით საზოგადოების განწყობა. გეტყვით მშრალი ფაქტებით, რადგან არგუმენტებში უკვე ვიკარგებით, ისეთ რაღაცებს ლაპარაკობთ. მშრალი ფაქტებით 2016 წლის შემდეგ რა ხდება: 2016 წლის 8 ოქტომბერი საპარლამენტო არჩევნები – „ქართული ოცნება“ – 48, 68%; 2017 წლის 21 ოქტომბერი თვითმმართველობის არჩევნები – 55, 81%; 2019 წლის 19 მაისი, ისევ თვითმმართველობის შუალედური არჩევნები – 61%. გუშინ წინ, როდესაც აფენში ჩასული იყო ბოკერიას პარტიის მთლიანი შემადგენლობა, იქ მათ მიიღეს 14% და „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 84%.

ახლა როგორც გინდა, ისე გავშალოთ და ვილაპარაკოთ, ვიღაც მოისყიდეთ, დააშინეთ. ხალხი არ ლაპარაკობს ამას და ლაპარაკობთ მხოლოდ თქვენ. პარალელურ რეჟიმში თუ ვილაპარაკებთ მე და თქვენ, „ევროპულ საქართველოსთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაღაც საერთო მესიჯს დაალაგებთ, შეთანხმებით არა, ასე სპონტანურად, მაგ შემთხვევაში მართალი არ იქნებით. საერთო მესიჯი გამოგდით – მოსყიდვასა და დაშინებას ამბობთ თქვენც და „ნაცებიც“. რაც არ უნდა გაბრაზდეთ, ეს არის სიმართლე. კარგია, მე და თქვენ რომ ვჩხუბობთ, რაღაცებს აღარ დაგვაბრალებენ. ქალბატონო ირმა, ბრაზდებით იმ არგუმენტებზე, რაც არის მართალი. ეს არის რეალობა. ყველანი ხომ იყავით ჩასული, მიიღეთ 14 პროცენტი და გაძლევთ გარანტიას, რომ ეს იქნება თქვენი მაქსიმუმი. ეს არის სიმართლე, რაზეც თქვენ ღიზიანდებით. საარჩევნო შედეგები დამოკიდებულია ზოგადად იმ სიმართლეზე, რომელიც არ არის ორგვარი ინტერპრეტაციის საფუძველი. დაშინება და მოსყიდვა არის ტყუილი, რომელიც თქვენ მოიფიქრეთ. ეს იქნება 2020 წლის შედეგებიც, რაზეც თქვენ ასე წინასწარ წუხხართ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიადა მარშანია მამუკა მდინარაძეს „ქართული ოცნების“ მთავარ დემაგოგს უწოდებს
შემდეგი სტატიაქობულეთში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა