მამუკა ბახტაძე : პრეზიდენტმა დასვა ტოლობის ნიშანი სანდრო გირგვლიანის მკვლელობასა და ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას შორის, ეს არის პრინციპულად მიუღებელი

პრეზიდენტმა დასვა ტოლობის ნიშანი სანდრო გირგვლიანის მკვლელობასა და ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას შორის, ეს არის პრინციპულად მიუღებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. პრემიერმა გუშინ პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე გააკეთა კომენტარი.

„საქართველოში მთავრობის სხდომას ვატარებთ ჩვეულებრივი განრიგით და ჩვეულებრივი რეჟიმით, ბუნებრივია, მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ. რაც შეეხება მთავრობაზე განსახილველ საკითხებს, ამას არეგულირებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და ამის შესახებ განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია აუცილებლად გააკეთებს.

თუ სწორად გავიგე, პრეზიდენტმა დასვა ტოლობის ნიშანი სანდრო გირგვლიანის მკვლელობასა და ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას შორის, ეს არის პრინციპულად მიუღებელი.

აქვე, რაც შეეხება საქართველოში ბიზნესისა და მისი ინტერესების დაცვას, ესეც ყველასთვის ნათელია და ამას მოწმობს ჩვენი პოზიცია საერთაშორისი რეიტინგებში. ის, რაც გავრცელდა სხვადასხვა ჩანაწერების სახით დარწმუნებული ვარ, საზოგადოება კარგად გაერკვევა, საგამოძიებო ორგანოები შესაბამის შეფასებას მისცემენ, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით მინდა აღვნიშნო, რომ გადასახადს საქართველოს ბიუჯეტში ყველა გადაიხდის.

საბოლოო ჯამში, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი როგორც ჩანს ემსახურება წინასაარჩევნო პერიოდში დისონანსის შემოტანას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ნურავის ექნება ამის ილუზია. საქართველოში არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში. ისე, როგორც ეს შეეფერება იმ სტანდარტს რისკენაც მივილტვით – საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიიმედი გვაქს, რომ მთავრობა ამჯერად მაინც შეასრულებს კონსტიტუციით დადგენილ პირობებს – ნაცვლიშვილი პრეზიდენტის ინიციატივის შესრულებაზე საუბრობს
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე : რაც გავრცელდა სხვადასხვა ჩანაწერების სახით, საგამოძიებო ორგანოები შესაბამის შეფასებას მისცემენ