მამა გიორგი მამალაძემ სტრასბურგში დავა მოიგო

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მამა გიორგი მამალაძის სარჩელი სახელმწიფოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა.
სტრასბურგმა სამწლიანი განხილვის შედეგად დაადგინა, რომ პატიმარი მღვდლის საქმის სასამართლო განხილვების დროს დარღვეული იყო ევროკონვენციის ორი მუხლი – მე-6 მუხლის პირველი ნაწილი და მე-6 მუხლის მეორე ნაწილი.

 

 

კერძოდ, როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, „სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სასამართლოს პირველმა ინსტანციამ არასაკმარისად განიხილა მამალაძის არგუმენტი, რაც მოიცავდა სასამართლოს მხოლოდ ნაწილობრივ დახურვის მოთხოვნას და იმას, რომ კონკრეტულმა საჯარო განცხადებებმა, რომლებიც დეკანოზის დაპატიმრების შემდეგ გაკეთდა, ასევე პროკურატურის ორგანოების მიერ კრიმინალური საქმის მასალების გასაჯაროებამ და გაუთქმელობის ვალდებულებამ, ერთობლიობაში, წააქეზა საზოგადოება, ფაქტობრივ ვერდიქტამდე დაეჯერებინა, რომ დეკანოზი დამნაშავეა“.

ამავე პრესრელიზში ვკითხულობთ, „მიუხედავად ამისა, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ საერთო ჯამში განხილვა იყო სამართლიანი, განსაკუთრებით მამალაძის განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხებოდა გადამწყვეტ სამხილის – ციანიდს, რომელიც მის ჩემოდანში იყო აღმოჩენილი, რომელიც მან ბერლინში გაფრენის დრო ბარგში ჩააბარა. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ მამალაძის ბარგის ამოღებისა და ჩხრეკის პროცედურა იყო კანონიერი, და დეკანოზის არგუმენტი, რომ ციანიდი მას ჩაუდეს, არ იყო დასაბუთებული“.

ამასთან ერთად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ „დეკანოზ მამალაძის არგუმენტი, რომ სამხილები მის წინააღმდეგ იყო გამოყენებული, საქართველოს სასამართლოებმა მოტივირებული გადაწყვეტილებით უარყვეს“.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობას დააკისრა დეკანოზ მამალაძეს მომდევნო სამ თვეში გადაუხადოს 9 418 ლარი, ასევე ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება, მას დაეკისროს. მამალაძე ზიანის ანაზღაურებას 376 304 ლარის ოდენობით ითხოვდა.

banner
წინა სტატიაშიშარლ მიშელის შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავენ
შემდეგი სტატიადავით ჯანდიერი: ციანიდის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოვიგე