მალხაზ პატარაია: არა – რუსულ კანდიდატს!

,,დაბრუნების“ თავმჯდომარე და ,,აფხაზთა კრების“ ლიდერი მალხაზ პატარაია ეხმიანება:

,,დაბრუნების“ თავმჯდომარე და ,,აფხაზთა კრების“ ლიდერი მალხაზ პატარაია ეხმიანება:მოხდა ის, რასაც რამდენიმე ხნის წინაც არ იყო ძნელი დასანახავი. ყველაფერი მიდის წინასწარ განსაზღვრული გეგმით. ივანიშვილმა შეასრულა კრემლის დირექტივა და სალომე ზურაბიშვილი დაგვისახელა პრეზიდენტობის ,,დამოუკიდებელ“ კანდიდატად. ზურაბიშვილმა პირველივე პრესკონფერენციაზე სრულიად არაორაზრვნად დააყენა საქართველოს პასუხისმგებლობის საკითხი 2008 წლის რუსულ აგრესიასა და ოკუპაციაზე, საკუთარი მიწა-წყალზე მტრისგან შეიარაღებული დაცვა დანაშაულად, ომის დაწყებად ჩაგვითვალა, მსხვერპლი გამოაცხადა დამნაშავედ. აწი მაინც ელემენტარული საღმა აზრმა უნდა გვიკარნახოს ის მარტივი ჭეშმარიტება რომ პრეზიდენტის სტატუსი გამოყენებულ იქნება იმ რუსული დაკვეთის შესასრულებლად, რაც ..ოცნებას“ იმთავითვე ჰქონდა და ჯერ ვერ შეძლო-ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთისათვის გადაცემა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოშლა. პრეზიდენტის ინსტიტუტი გახდება მტრის მძლავრი იარაღი საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, რადგან მას ხალხის საყოველთაო ლეგიტიმაცია ექნება.
სამწუხაროდ, რასაც ვხედავ, ამ გეგმის ხელისშეშლის რესურსი ქვეყანაში არც ისე დიდია. თუმცა მტრის კანდიდატის დამარცხება შესაძლებელია. ამისათვის, ჩემი აზრით, უნდა გაკეთდეს შემდეგი:
1. არავითარი სარეზერვო კანდიდატი ივანიშვილს არ ჰყავს. ბოლომდე ყველა ძალებით შეეცდება ზურაბიშვილის გაყვანას საკუთარი და პუტინის უძლეველობის დასამტკიცებლად, საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენს დასამცირებლად, უღირს და უთავმოყვარეო საზოგადოებად წარმოსაჩენად. მეორეს მხრივ, არცერთ ოპოზიციურ კანდიდატს პირველი ტურიდან გამარჯვების შესაძლობა და შანსი არა აქვს.
აქედან გამომდინარე, დასავლურმა ოპოზიციამ უპირველეს შიდა ამოცანად უნდა დაისახოს რუსული კანდიდატის დამარცხება. ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა ამის თაობაზე მკაფიო და არაორაზროვანი განცხადება უნდა გააკეთოს. ყველასთვის არჩევნების მთავარი მოწოდება უნდა იყოს ,,არა-რუსულ კანდიდატს!“ იმავდრიულად უნდა შეწყდეს განხეთქილება, მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს ურთიერთავდასხმებზე და კეთილგანწყობილი გარემო შენარჩუნდეს არჩევნების დასრულებამდე. რა თქმა უნდა ეს არ გამორიცხავს ერთმანეთის პოზიციების კრიტიკას, მაგრამ ეს უნდა მოხდეს უაღრესად კორექტულ სადისკუსიო ვითარებაში.
თუმცა, ეს არ იქნება საკმარისი.
2. აუცილებელია დასავლეთის ქმედითი დახმარება იმისათვის, რომ რაც შეიძლება შემცირდეს რუსული ჩარევა ჩვენს არჩევნებში. ამასთან, იქიდან ჩვენი ხელისუფლება პირდაპირი ტექსტით და ყველას გასაგონად მკაცრად უნდა გაფრთხილდეს, რომ ჩაეხსნას ე.წ. დამოუკიდებელ კანდიდატს. ამ საკითხზე ჩვენი მეგობრების ყოველდღიური და დაჟინებული შეწუხება უნდა იყოს დასავლური ოპოზიციის უპირველესი ამოცანა ქვეყნის გარეთ.
3. ვთხოვოთ, მოვუწოდოთ, შევაგულიანოთ, ვაიძულოთ საქართველოს პრეზიდენტი ქმედითად შეეწინააღმდეგოს ამ გეგმას ყველგან, ქვეყნის გარეთ თუ შიგნით, საკუთარი კანდიდატურის წამოყენების ჩათვლით.
4. დაბოლოს, ყველამ უნდა მოვინდომოთ, რაც შეიძლება მეტი ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი მოვიყვანოთ არჩევნებზე და იმთავითვე მას მკაფიოდ ავუხსნათ, რომ შესაძლო მეორე ტურში ხმა მისცეს დასავლური ოპოზიციიდან დარჩენილ კანდიდატს მიუხედავად პირადი თუ პარტიული სიმპათია-ანტიპათიისა. საფრთხის მასშტაბი გასაგებად და დასაბუთებულად უნდა განემარტოს საზოგადოებას და ამ მიმართულებით საჭიროების შემთხვევაში ერთიანი პოლიტიკური აქციების ჩატარებაზეც უნდა ვიფიქროთ.
ისტორია ფატალურად გარდაუვალი არ არის. თუმცა, ჩვენდა სავალალოდ გამოუყენებელი შესაძლებლობების ძალიან ბევრ ტრაგიკულ მაგალითს გვთავაზობს. თავისით არაფერი არ მოხდება. ყოველთვის, ყველგან პატივს სცემენ და ეხმარებიან მხოლოდ ამაყ და ღირსეულ ერს, რომელმაც კარგად იცის, რომ თავისუფლება ბრძოლით მოიპოვება და იბრძვის თავისუფლებისათვის!-წერს პლატფორმა ,,აფხაზთა კრების“ ლიდერი, მოძრაობა ,,დაბრუნების“ თავმჯდომარე მალხაზ პატარაია.

banner
წინა სტატიაშიაგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, თბილისსა და ქუთაისში მდებარე პარლამენტის სასახლეებზე სახელწიფო დროშები დაეშვა
შემდეგი სტატიალატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა და უკრაინამ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან 10 წლისთავზე ერთობლივი კომუნიკე მიიღეს