მაკა ბულეიშვილი – „ომიკრონმა“ შეიძლება დააზიანოს ზედა სასუნთქი გზების სისტემა

პროფესორი მაკა ბულეიშვილის განცხადებით, შესაძლოა „ომიკრონის“ შტამის ორი დადასტურებული შემთხვევა ხვალ და ზეგ ძალიან დიდ მასშტაბებში გადაიზარდოს. ამასთან, როგორც ბულეიშვილმა განაცხადა, „ომიკრონის“ შტამთან მიმართებაში განსაკუთრებით ყურადღებით ასაკოვანი და გონებრივი დაავადების მქონე ადამიანები უნდა იყვნენ.

„როდესაც ქვეყანაში დაფიქსირებულია „ომიკრონის“ შტამი, ყველაზე მნიშვნელოვანია ვიყოთ გაწონასწორებულები და დავიცვათ ყველა არსებული რეკომენდაცია. ვფიქრობ, გვაქვს საკმაოდ საყურადღებო სიტუაცია და მდგომარეობა. შესაძლოა „ომიკრონის“ ორი დადასტურებული შემთხვევა ხვალ და ზეგ ძალიან დიდ მასშტაბებში გადაიზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ გამოიხატება მწვავე რესპირატორული სიმპტომების მსგავსი მსუბუქი სიმპტომებით, ერთადერთი სანუგეშო, რომელსაც კარგი იქნება თუ დავაკვირდებით და მეტ ინფორმაციას მივიღებთ, არის ის, რომ „ომიკრონმა“ შეიძლება დააზიანოს ზედა სასუნთქი გზების სისტემა, ანუ შეიძლება გამოხატული იყოს, როგორც მწვავე რესპირატორული დაავადება. განსაკუთრებით ყურადღებით ასაკოვანი და გონებრივი დაავადების მქონე ადამიანები უნდა იყვნენ“, – განაცხადა მაკა ბულეიშვილმა.

როგორც პროფესორი აცხადებს, „ომიკრონის“ შტამის მასიურად გავრცელების შემთხვევაში ჰოსპიტალურ სექტორს პრობლემები შეექმნება.

„ამ ეტაპისთვის თერაპიულ ბლოკში ჰოსპიტალური დაავადების თვალსაზრისით პრობლემა ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძალიან ფხიზლად არ უნდა ვიყოთ. „ომიკრონი“ გავრცელების სისწრაფიდან გამომდინარე 3-4 ჯერ უფრო სწრაფად შეიძლება გავრცელდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ რეკომენდაციები დაცული არ იქნება. განსაკუთრებით დიდი ყურაღება გვმართებს წინასაახალწლო პერიოდში, როდესაც მაღალია მოსახლეობის მობილობა. ჯერჯერობით „ომიკრონის“ რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული და მას „დელტა“ შტამი ჩანაცვლებული არ ჰყავს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ შესაძლებელია რომ „ომიკრონმა“ მთლიანად ჩაანაცვლოს. გამორიცხული არ არის დიდი რაოდენობის მასების დაინფიცირების შემთხვევაში ჰოსპიტალურ სექტორს პრობლემები შეექმნას. „ომიკრონის“ მსუბუქი სიმპტომატიკიდან გამომდინარე, მისი სწორად მართვის შემთხვევაში შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების, ანუ ოჯახის ექიმების მიერ იყოს მართული. მაგრამ თუ კი მასიური იქნება დაინფიცირების რისკი, ვნახეთ რა მოხდა „დელტა“ შტამთან, როდესაც 5 000 – 6 000 იყო ინფიცირების მაჩვენებელი მაშინაც კი გაუჭირდა საოჯახო მედიცინას, მაგრამ თუკი ეს რიცხვი სამმაგი, ოთხმაგი ან ხუთმაგი იქნება, რა თქმა უნდა, გაუჭირდება პირველადი ჯანდაცვის რგოლს. დღეს მთავარი საკითხია რეკომენდაციების დაცვა, ნიღბის ტარების მაჩვენებლების გაზრდა და მობილობის შემცირება. მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ არანაირი შიში, არანაირი პანიკა“, – განაცხადა ბულეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს პრეზიდენტს შეხვდებიან
შემდეგი სტატიასამადაშვილი – მაქვს განცდა, რომ პრეზიდენტს ზუსტად ესმის, რა გამოწვევების წინაშეც ვდგავართ