მაკა ბოჭორიშვილი: ბრძოლა საქართველოს ევროკავშირის წევრობამდე მისაყვანად დაწყებულია და აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე

„მინდა მივმართო კამპანია “არა რუსულ კანონს“ ორგანიზატორებს, ყალბია ეს კამპანია, ჯერ ერთი იმიტომ, რომ საფუძველი არ აქვს და მითი კანონის რუსულობის შესახებ ვერ დამტკიცდება. უფრო მეტად ყალბია, იმიტომ, რომ რუსული საქმის კეთებაში გამოწვრთნილი ე.წ. პოლიტიკოსები ასრულებენ. ნუ დაიჯერებთ იმ ადამიანების წუხილს ქვეყნის ევროპულ მომავალზე, ვინც ყველაზე ისტორიულ მომენტში განუდგა საკუთარ სამშობლოს და ბრიუსელში კარდაკარ იარა ხალხის დასარწმუნებლად, რომ საქართველოსთვის არ მოეცათ კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა პლენარულ სხდომაზე.

მისივე შეფასებით, რუსული საქმე სწორედ იმ ორგანიზაციების წარმომადგენლების საქმიანობაა, რომლებიც დაფინანსებას იმაში ხარჯავდნენ, რომ რაც შეიძლება აკადემიურად დაეწერათ რატომ არ იმსახურებდა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად.

„ეს არის რუსული საქმე და არა გამჭვირვალობის მოთხოვნა. ვინმეს არ გეგონოთ მე ვაბრალებ რამეს, თავად აღიარეს და დღემდე წუხან იმას, რომ ისტორიული შანსი გაუშვეს ხელიდან და მიზანს ვერ მიაღწიეს, იმიტომ რომ ამის უფლება არ მივეცით, იმიტომ, რომ არ დავიზარეთ მათი მავნებლობის გაქარწყლება და სიმართლისთვის ბრძოლა.

ეს ის ხალხია, ყველაზე მკაცრი არბიტრის – ევროკომისიის ანგარიშზე უფრო მკაცრად რომ აფასებდა საკუთარ სამშობლოს. რომლებმაც იკადრეს და საქართველო მაჩანჩალას კატეგორიაში განათავსეს მათივე ხელით შექმნილ რეიტინგებში“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მაკა ბოჭორიშვილი იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გუშინ მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა.

„არ შემიძლია გუშინდელი დღის ანტიგმირს ალეკო ელისაშვილს არ მივმართო – უთხარი საზოგადოებას რა დაჯდა, შენი ჭკუით, პროევროპული ქცევა გუშინ საქართველოს პარლამენტში. CNN-ში კი არა კოსმოსში რომ აჩვენონ შენი მუშტი-კრივი და იქ გაგხადონ პოპულარული, სამწუხაროდ, ამ ქალაქში მაინც ის დარჩები, რადაც გიცნობდა ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

რაც შეეხება გამჭვირვალობის საკითხს, მისი განცხადებით, პოლიტიკური გადაწყვეტილების პროცესში ჩართული პირების თუ ორგანიზაციების გამჭვირვალობის საჭიროებაზე ინფორმაციის ქონა მოქალაქის ლეგიტიმურ უფლებადაა მიჩნეული, ამდენად გაუგებარია, პოლიტიკური ამინდის შემქმნელი ორგანიზაციები რატომ უნდა უმალავდნენ საზოგადოებას საქმიანობის მიზნებსა და დაფინანსების წყაროებს.

„ევროკავშირთან მოლაპარაკეების მაგიდასთან დროულად დაჯდომა ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესშია. ამის ერთ-ერთი წინაპირობა 9 ნაბიჯში განსაზღვრა და არჩევნების კარგად ჩატარებას გულისხმობს. თქვენ რომ არჩევნები არ გაინტერესებთ, ეს არაერთხელ გამოჩნდა და ბოლო რეიტინგების შემხედველს კარგად მესმის, რომ ყველა იმედი გადაგეწურათ და ისევ და ისევ რევოლუციური სცენარების იმედად ხართ დარჩენილი.

როგორც არ უნდა გვაბულინგოთ, როგორც არ უნდა ეცადოთ სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას, ჩვენს ევროპულ ოცნებას, ნამდვილ ქართულ ოცნებას მაინც ვერ გაარუსებთ.

ბრძოლა საქართველოს ევროკავშირის წევრობამდე მისაყვანად დაწყებულია და აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ დაგეგმილ კამპანიაზე: საზოგადოება ყველაფერს კარგად აფასებს, ამიტომ არც პოლიტიკოსების დისკრედიტაცია გამოუვათ
შემდეგი სტატიაკახა კალაძე მშვიდობის ინდექსზე: „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ზუსტად იმისკენ არის მიმართული, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე