ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისარი ტატუნაშვილის საკითხის ყველა შესაბამის ფორმატში განხილვას ითხოვს

ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს ფილიპო გრანდის შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრა ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა მაღალი სეგმენტის სესიის ფარგლებში გაიმართა.

„მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ლტოლვილთა კომისრის ოფისთან საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებასა და დევნილთა მდგომარეობის საკითხზე საუბრისას, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უმაღლეს კომისარს მიაწოდა ინფორმაცია საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებისა და საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის დაკავების შესახებ.

გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მომხდარზე რეაგირება, საკითხი განხილული უნდა იქნას შესაბამის ფორმატებში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მნიშვნელობას.

დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და ჩართულობის შესახებ. ხაზი გაესვა პროგრესის მიღწევის საჭიროებას ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიგაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამოძიებას ითხოვს
შემდეგი სტატიაგიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე, მსჯავრდებულ კოტე ციხისთავის განცხადებებს სწავლობს