ლილუაშვილი: ამ დარბაზში თუ ზის ადამიანი, რომელიც ინფორმირებულია საერთოდ რა გავლენა ექნება ქვეყნის ეკონომიკაზე ამ კრიზისს და ხელისუფლების მხრიდან თუ აქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, იქნებ გაგვიზიაროთ

“ამ დარბაზში თუ ზის ადამიანი, რომელიც ინფორმირებულია საერთოდ რა გავლენა ექნება ქვეყნის ეკონომიკაზე ამ კრიზისს და ხელისუფლების მხრიდან თუ აქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, იქნებ გაგვიზიაროთ” – ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს.

მისი თქმით, ქვეყანა დგას მწვავე ეკონომიკური უსაფრთხოების რისკების წინაშე და გაუგებარია რას აკეთებს ხელისუფლება დღეს ამ მიმართულებით.

“ეს პოლიტიკური კინკლაობა, რომელიც ფაქტიურად ყოველდღიურად ხდება და დღეს, როდესაც სახელმწიფოს წინაშე დგას სერიოზული უსაფრთხოების რისკები და მისი ევროპული პერსპექტივის სრულფასოვანი რეალიზაციის შესაძლებლობები,
ხალხს უბრალოდ მობეზრდა, დაიღალა ამ ყველაფრის ნახვით. როდესაც თქვენ არ იჩენთ არანაირ ნიშნულს სახელმწიფოს ინტერესებში ჰყოფნის და დარჩენის, არანაირ ინტერესს ერთობის, საზოგადოების კონსოლოდაციისთვის.

ამ დროს ქვეყანა დგას მწვავე ეკონომიკური უსაფრთხოების რისკების წინაშე. მემგონი ყველა ვთანხმდებით, რომ თითოეული მოქალაქე იღვიძებს და პირველ რიგში ეცნობა უკრაინაში მიმდინარე პროცესებს და თუ ვინმეს შემორჩა ამ პოლიტიკური კინკლაობის მიმართ ინტერესი, რომ გაივლის ქუჩაში და საწვავის ფასს 3,90 დაინახავს მემგონი ეს ინტერესიც ეკარგება, იმიტომ რომ ამ კინკლაობაში არაფერია მათი ამ სერიოზული ყოველდღიური პრობლემების დაცვაზე ორიენტირებული.

ჩვენ, ბატონებო დაახლოებით თვენახევრის წინ მოგმართეთ არა კონკრეტული ინიციატივით,
მაგალითად აქციზის შემცირებით, რომ მერე არ ყოფილიყო სპეკულაციების სივრცე, რომ თითქოს ეს ჩვენი ერთპიროვნული შეთავაზებაა, არამედ თემატური მოკვლევით საწვავზე, საწვავის ფასებზე 20 000-ზე მეტი კონკრეტული ამ ქვეყნის მოქალაქის ხელმოწერით.

კომიტეტებს მივმართეთ ამ თემატურ მოკვლევაზე და ეს თემატური მოკვლევა გვჭირდებოდა სწორედ ამ გამოწვევების გადასაჭრელად და იმ შესაძლებლობების გამოსაკვეთად, რაც უნდა დაეხმაროს ამ საწვავის ფასს, რომ შემცირდეს. სამწუხაროდ ამაზე რეაგირება არ ყოფილა.

ჩვენ ვიცით, რომ ეს მოგვწონს თუ არ მოგვწონს რუსეთთან და უკრაინასთან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას აქვს ბმა. მათ შორის ჩვენ ამ ქვეყნებიდან ვართ კრიტიკული სასურსათო პროდუქტის იმპორტიორები და ეს ფასები იზრდება ყოველდღიურად, ამას ემატება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, იქ მომუშავე მოქალაქეების გზავნილები, რომლებიც შემცირდა და აქ კონკრეტულ ოჯახებს შეექმნათ პრობლემა. ეს არის ასეულობით ათასი ოჯახი, შეექმნათ პრობლემა საბანკო სესხებზე, შეექმნათ პრობლემა მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად. ეს ნიშნავს რომ სოციალური ფონი მნიშვნელოვნად დამძიმდება ქვეყანაში.

ჩვენ, ასევე ერთი თვის წინ დავაინიცირეთ საქართველოს პარლამენტში სოციალური მხარდაჭერის სოციალური სისტემის რეფორმა და მხარდაჭერის გაზრდა, იმიტომ რომ 450 ათასი სოციალურად დაუცველი კიდევ უფრო მეტი გახდება მომავალში. ესეც იმიტომ დავაინიცირეთ, რომ ერთობლივად გაგვეკეთებინა, გადაგვედგა ნაბიჯები მათი დაცვისთვის , მათი სოციალური უსაფრთხოებისთვის , მათი ყოველდღიური საჭიროებების შეხიდებისთვის სახელმწიფოს მხრიდან” – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, ქართულმა ოცნებას პარტია “საქართველოსთვის” ინიცირებულ პროექტებზე რეაგირება არ ქონია,თუმცა მმართველ პარტიას და ხელისუფლებას თავიანთი გეგმაც არ წარმოუდგენია.

“დავიღალეთ უბრალოდ იმის მოწოდებით, რომ სად არის ხელისუფლების გეგმა.
აი, ამ დარბაზში თუ ზის ადამიანი, თქვენი მხრიდან მაგალითად რომელიც ინფორმირებულია საერთოდ რა გავლენა ექნება ქვეყნის ეკონომიკაზე ამ კრიზისს და საერთოდ თუ იცნობს, ხელისუფლების მხრიდან, თუ აქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით იქნებ გაგვიზიაროთ. გავიგეთ რომ გეგმა არა გაქვთ, არც ჩვენი შემოთავაზებული გეგმა არ მოგწონთ პოლიტიკური ნიშნით, იმიტომ რომ აი მაგალითად ძალიან კარგი ინიციატივა ჩააგდეთ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე სახალხო ბიუჯეტირებაზე.
გავიგეთ, რომ ეს გეგმა არ გაქვთ ან არ ვიცი გაქვთ და მალავთ, არ ვიცი, მაგრამ ყოველი დღე ამ კრიზისის და საომარი მოქმედებების ფონზე ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას უჯდება კონკრეტული თანხები, რომლებიც მათ შემოსავალს, მათი ოჯახის ყოველდღიურ სარჩო-საბადებელს აკლდება. პოლიტიკური კინკლაობის მიღმა, რა ხედვა გაქვთ? რა უნდა გაკეთდეს? გთხოვთ, აი ამაზე გამცეთ პასუხი” – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხოჯევანიშვილი: ჩვენ უნდა გამოვნახოთ ძალა შევძლოთ ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ გაერთიანება
შემდეგი სტატიასტრასბურგში დეპუტატები ოკუპანტი რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვის საკითხს განიხილავენ