ლიეტუვას ყოფილი პრეზიდენტის წერილი: თუ ჩვენ არ შევაჩერებთ პუტინს უკრაინაში, ომში ბრძოლა ჩვენს ქვეყნებში მოგვიწევს

“მშიშარა დასავლეთი თუ პუტინის ომის თანამონაწილეები”, – ამ სათაურით აქვეყნებს საგანგებო წერილს ლიეტუვას ყოფილი პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე და რუსეთ-უკრაინის ომს ეხმაურება.

მის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

როგორც ჩანს, ასეა.

როგორი სანქციებიც არ უნდა იყოს, ეს პუტინს ვერ შეაჩერებს. ისინი საჭიროა, მაგრამ ისეთი გამონაკლისების გარეშე, როგორსაც ახლა SWIFT-იდან ჩახსნაზე, ენერგოსექტორსა და მის მომსახურე ბანკებზე ვხედავთ.

ომის შეჩერება მხოლოდ უკვე დაწყებულ ომს შეუძლია. არაა საჭირო თავის მოკატუნება და ჩვენი სინდისის დამშვიდება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით. ეს უკვე ძალიან დაგვიანებულია. უკრაინელი ხალხი ომში ჩვენთვის იბრძვის და პუტინის სიგიჟისგან ჩვენ უკრაინელი ბავშვები გვიცავენ.

მანტრასავით გამეორება, რომ NATO-ს უკრაინის დახმარება არ შეუძლია, უკვე პათეტიკურად ჟღერს და აჩვენებს, როგორი მხდალია დასავლეთი.

ამას პუტინიც ხედავს. დასავლეთი სწრაფად სწავლობს, მაგრამ ამ დრომდე ვერ აცნობიერებს, რომ უკრაინაში ევროპული ომი მიმდინარეობს. ან მიიღებ მონაწილეობას ამ ომში და აგრესორის წინააღმდეგ იბრძოლებ, ან გვერდით დგომით და უკრაინის და უკრაინელების განადგურების ყურებით ომის თანამზრახველი ხდები. დიახ, თანამზრახველი.

თუ ჩვენ არ შევაჩერებთ პუტინს უკრაინაში, ომში ბრძოლა მაინც მოგვიწევს, მაგრამ ჩვენს ქვეყნებში.

უკრაინა ითხოვს დახმარებას იმ დროს, როცა ჩვენ საცხოვრებელი რაიონების დაბომბვას ტელევიზორში ვუყურებთ და ვიმეორებთ, რომ “უკრაინას მტკიცედ ვუჭერთ მხარს”.

მრცხვენია, როცა მესმის NATO-ს ლიდერები და ოფიციალური პირები ჩურჩულით როგორ იმეორებენ, რომ “კონფლიქტში ვერ ჩაერევიან”. მაგრამ ეს არ გავაკეთეთ სირიაში, ლიბიაში, იუგოსლავიაში და ავღანეთში?!

დღეს, უკრაინა თავისი ერის გადასარჩენად და ევროპაში სიმშვიდისთვის იბრძვის. ჩვენ ვაპირებთ, ვუყუროთ, როგორ ნადგურდება დამოუკიდებელი სახელმწიფო?

დიდება უკრაინას! დიდება მის გმირებს და ჯერჯერობით მხოლოდ მის გმირებს, რადგან ჰორიზონტზე სხვა არავინ ჩანს, – წერს დალია გრიბაუსკაიტე.

banner
წინა სტატიაშიპუტინი უკრაინის ხელში ჩაგდებას სამ დღეში ელოდა – ტყვე
შემდეგი სტატიაუკრაინელი ხალხის დასახმარებლად სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ საყოველთაო კამპანიას „აწარმოე უკრაინისთვის“ იწყებს