ლევან იოსელიანი: ერთი მხრიდან ისმის, რომ აპოკალიფსია და არაფერი კეთდება, მეორე მხრიდან ვუსმენთ, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ სიმართლე სადღაც შუაშია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“-ს წევრმა ლევან იოსელიანი თავის გამოსვლაში თორმეტპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე პროცესებს შეეხო და განაცხადა, რომ მასში მონაწილეობა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან, მისი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო ჯამში ქვეყანამ შედეგი მიიღოს.

„ერთი მხრიდან ისმის, რომ აპოკალიფსია და არაფერი არ კეთდება, მეორე მხრიდან ვისმენთ, რომ ყველაფერი მშვენივრად მიდის და ყველა პუნქტთან მიმართებაში ყველაფერი კარგადაა, მაგრამ სიმართლე სადღაც შუაშია და ეს სიმართლე არის შემდეგი, საპარლამენტო ზედამხედველობის თვალსაზრისით ჩვენ მართლა გავატარეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები. ის პაკეტი, რომელიც დავაინიცირეთ, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საპარლამენტო ზედამხედველობას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და ოპოზიციის ნაწილმა, ვინც იყო ჩართული, სწორედ ამ პაკეტს დაუჭირა მხარი.

ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა საარჩევნო კანონმდებლობის თვალსაზრისით. მიგვაჩნდა საარჩევნო პროცედურების მოწესრიგება, ქვეყანაში გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება, იქნება შემობრუნების წერტილი სამომავლოდ ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონული ხმის მიცემის აპარატების შემოღება, რომელიც უზრუნველყოფს დაახლოებით 70% მოქალაქეების ხმის მიცემას, და ეს ჩაიწერა კანონში, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი.

გარდა სხვა საკითხებისა, რომელიც ასევე დარეგულირდა ამ საარჩევნო კანონმდებლობით. ამასაც ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა ჰქონდა“,-განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა სასამართლო რეფორმაზე, კერძოდ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოყენების დანერგვის აუცილებლობაზე სასამართლო პრაქტიკაში, რომელმაც კარგი შედეგი გამოიღო და მას ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა ჰქონდა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ წინ გადადგმული ნაბიჯია ცვლილება კანონში, რომლის მიხედვით სახალხო დამცველის არჩევის წესი გახდა გამჭვირვალე.

ლევან იოსელიანმა თავის გამოსვლაში იმ საკითხებზეც ისაუბრა, რომლის მიმართაც კრიტიკული დამოკიდებულება აქვს მასაც, ჩვენს პარტნიორებსაც და არასამთავრობო სექტორსაც. ამ კუთხით მან პირველ რიგში სასამართლო რეფორმის პაკეტი დაასახლა.

მან ასევე ანტიკორუფციული ბიუროს შექმნისა და ამ მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრა და დეპოლარიზაციის საკითხს შეეხო.

„ჩვენ თუ გვინდა ევროპულ ღირებულებებს მივუახლოვდეთ და ვისაუბროთ, რომ რაღაცას ვიმსახურებთ, ამ თვალსაზრისით პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა გავხსნათ სივრცე განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე ოპონენტებისთვის ყველა მედია საშუალებაში.

ჩვენ დღეს საქართველოში გვაქვს მოცემულობა, რომ ძირითადი მედია საშუალებები არის პოლიტიკური პარტიების ინტერესების გამომხატველი. ვფიქრობ, ამას სჭირდება სისტემური მიდგომა, კომპლექსური ჩარჩო, რომელიც ამ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ დაარეგულირებს და ჩვენ მივიღებთ ვითარებას, როგორც ევროპაში, პოლიტიკური დებატები იქნება ჩვეულებრივი დღის წესრიგი და ოპონენტები ერთმანეთთან ისაუბრებენ ტელევიზიებში და არა ქუჩაში ან სხვაგან, სხვა ფორმატში“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიშრომის ინსპექციის სამსახურმა „რუსთავის აზოტი“ 50 000 ლარით დააჯარიმა
შემდეგი სტატიაგიორგი ფხაკაძე: მთავრობამ უკვე ოფიციალურად დაადასტურა კოვიდის მორიგი ტალღა