ლევან გაჩეჩილაძე: “მაესტროს” ვალების დასადგენად საჭიროა სრულყოფილი აუდიტი

თუ რა ვალები არსებობს, ამის დასადგენად საჭიროა სრულყოფილი აუდიტი, – ამის შესახებ ტელეკომპანია “მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა, ლევან გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც მაკა ასათიანის და კოტე გოგელიას დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ყველა ვალის გადახდაზე თანახმაა, რომელიც სამართლიანია.

“ვალები შესასწავლია. ესე არ არის, რომ ვიღაცის უკითხავად ფული ვასესხე, მან ეს ფული ვერ გამისტუმრა მითუმეტეს პროცენტიანი, მითუმეტეს ოდენობა არ არის განსაზღვრული. მეურვეს სხვა ინფორმაცია აქვს, “მაესტროში” სხვა ინფორმაცია აქვთ, ამას ჭირდება სრულყოფილი აუდიტი. მხოლოდ ამის მერე შეიძლება ვისაუბრო როგორც “მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა ამ ვალების სამართლიანობაზე. ვალი თუ სამართლიანი და სწორია, გადახდაზე უარს არ იტყვის”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

კოტე გოგელია და მაკა ასათიანი ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორ ლევან გაჩეჩილაძისგან განმარტებებს ელოდებიან.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი შენობის იჯარასთან დაკავშირებით გაჩეჩილაძესთან მოლაპარაკებებს არ აპირებენ, ვიდრე ბრალდებებზე პასუხებს არ მიიღებენ.

“არ ვაპირებთ რაიმე კონსულტაციები ვაწარმოოთ შენობის იჯარასთან დაკავშირებით, სანამ ლევან გაჩეჩილაძე და მისი გუნდი არ გააკეთებენ განმარტებებს იმ უსამართლო ბრალდებებსა და შეურაცხყოფაზე, რომელსაც ჩვენი მისამართით დღემდე აგრძელებენ, თითქოსდა ჩვენ გავძარცვეთ “მაესტრო”.

ასევე ველოდებით განმარტებას, რამდენად მისაღებია მათთვის ეგრეთ წოდებული რუსული ფულით შეძენილ შენობაში გააგრძელონ მოღვაწეობა და ვინაიდან უარს ვაცხადებთ მათ მივცეთ ამ შენობით სარგებლობის უფლება, დიდი ინტერესით დავაკვირდებით, თუ რომელი ქვეყნის ფულით შეძენილ შენობაში შესთავაზებენ ჟურნალისტებს ალტერნატიულ ფართს.

მივმართავთ “მაესტროს” გადარჩენის ლოზუნგით მოსულ “გუნდს”, რომლებმაც ასე წარმატებულად და ძალისმიერად მოახერხეს აეღოთ თავის თავზე პასუხისმგებლობა, ჩვენს მიმართ არსებულ ვალდებულებებზე, პირველ რიგში დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ვალების გადახდა და მხოლოდ ამის შემდგომ მისცენ თავიანთ თავს უფლება, ისაუბრონ სხვისი კერძო საკუთრების იმედად თავიანთი ბუნდოვანი გეგმების შესახებ.

ჩვენი მხრივ კი, პირობას ვდებთ “მაესტროელების” წინაშე, რომ ვალდებულებების ფარგლებში დაბრუნებული თითოეული თეთრი მოხმარდება ისევ “მაესტროს” მაუწყებლობას, მის კიდევ უფრო გაძლიერებას და განვითარებას.

ერთგული ვრჩებით ჩვენი პრინციპის მიმართ, რომლის მიხედვითაც “მაესტროს” არ განვიხილავთ, როგორც ცალკეულ ქონებას ან შპს-ს. ეს არის ძალიან ღირსეული ადამიანების ერთობა და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ არაფერს დავიშურებთ, რათა მისი მაუწყებლობა ხელშეუხებელი იყოს “, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი:ცხვარი ტყეში რომ დააბა, ყველაზე დიდი, მიხვრა–მოხვრა შეეცვალოს, თორემ ისევ ცხვრად დარჩება!
შემდეგი სტატიაევროკომისიის მწვანე შუქი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას