ლატვიისა და საქართველოს პრეზიდენტები კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდნენ

საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ოკუპირებული ტერიტორიის საზღვართან იმყოფებოდა. პრეზიდენტები გამყოფ ხაზთან, მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ დათა ვანიშვილს გაესაუბრნენ, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. ამის შემდეგ გაიმართა შეხვედრა ხურვალეთის მოსახლეობასთან, მათ შორის ეთნიკურ ოსებთან. ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ უკვე რამდენიმე წელია სასაფლაოზე გასვლას ვერ ახერხებენ და სთხოვეს პრეზიდენტს, რომ სააღდგომოდ ერთი დღით საზღვარი გაიხსნას. საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტებმა ხურვალეთში საქართველო ადღეგრძელეს და ადგილობრივებს მშვიდობა უსურვეს.

“გამყოფ ხაზთან პირველად ვარ და ძალიან ტრაგიკულია, რომ თანამედროვე მსოფლიოში გვაქვს ვითარება, სადაც ღობეები ყოფენ ქვეყანას. ლატვია არასდროს აღიარებს რუსეთის ასეთ ქმედებებს, არასდროს მიიღებს ამ ოკუპაციას. ლატვია ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, ვიდრე ეს ვითარება არ მოგვარდება და ერთად მოვძებნით გზებს ამ პრობლების მოსაგვარებლად.”-განაცხადა რაიმონდს ვეიონისმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. “ჩვენ სტუმარს ვაჩვენეთ ის ხელოვნური ბარიერები, რომელიც აღმართულია ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში. ევროპაში ასეთი ხელოვნური კედელი არაერთი აგებულა, მაგრამ არცერთი არ დარჩენილა სამუდამოდ. ეს უსამართლობაც დაიძლევა ძლიერი ევროპული საქართველოს და ქართველი ხალხის ძალისხმევით.”-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ლატვიის პრეზიდენტი საქართველოს მეუღლესთან ერთად ორი დღის წინ ეწვია. ეს, პრეზიდენტის რანგში, ვეიონისის პირველი ვიზიტია საქართველოში. გუშინ მან შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტთან. შეხვედრის შემდეგ კი ერთობლივი პრესკონფერენციაზე რაიმონდს ვეიონისმა საქართველოს სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

banner
წინა სტატიაშიგაერო-ს ექსპერტები: თამბაქოზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს
შემდეგი სტატიაბრიტანეთმა “ბრექსიტის” პროცედურა ოფიციალურად ჩაუშვა