ლაშა ჟვანია – პრეზიდენტი ხვალ, დღის ბოლოსთვის მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი კანდიდატურა წარადგინოს ცესკოში

პრეზიდენტი ხვალ, დღის ბოლოსთვის მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი კანდიდატურა წარადგინოს ცესკოში, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს მესამე სექტორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. ჟვანიას ინფორმაციით, ხვალ 12:00 საათამდე პრეზიდენტი წერილობით შემოთავაზებებს მიიღებს არასამთავრობო ორგანიზაციებისგან იმ კანდიდატებთან დაკავშირებით, რომლებიც შეხვედრაზე დასახელდა. ასევე, პრეზიდენტს გაეგზავნება მათი ბიოგრაფიებიც.

“ეს არის პრეზიდენტის პირველი ფართო შეხვედრა პრეზიდენტობის პირველივე დღეებში არასამთავრობო სექტორთან. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საარჩევნო კოდექსთან და მთლიანად საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, შემდგომში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა უნდა იყოს აქტიური და პრეზიდენტთან კონსულტაციები სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც უნდა გაგრძელდეს. ფორმატი არის ძალიან კარგი და კონსტრუქციულო.

არასამთავრობო სექტორის მიერ რამდენიმე კანდიდატურა არის დასახელებული. ხვალ 12:00 საათამდე პრეზიდენტი მიიღებს წერილობით შეთავაზებებს ამავე არასამთავრობო ორგანიაციებიდან, მათ შორის, დასახელებული კანდიდატების ბიოგრაფიებს და შემდეგ, დღის ბოლოსთვის პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი კანდიდატურა წარადგინოს ცესკოში”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და პრეზიდენტის შეხვედრაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ოთხი კანდიდატურა დასახელდა. ეს კანდიდატებია: თამარ ჟვანია – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჯავახიშვილი – ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი, ლადო ბოჟაძე -“სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი, მარიამ შელეგია.

banner
წინა სტატიაშიავტობანზე ავარიის შედეგად ქვეითად მოსიარულე 14 წლის მოზარდი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაქეთევან ჩაჩავა-თამარ ჟვანიამ დაიმსახურა, იყოს ერთ-ერთი ცესკო-ს თავმჯდომარეობაზე წარდგენილ სამ კანდიდატს შორის