“კვირიკაშვილის კანდიდატურა ალბათ, გარკვეული დოზით იქნებოდა შეთანხმებული ივანიშვილთან”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური არ გამორიცხავს, რომ პრემიერობის ახალი კანდიდატი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით დასახელდა.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მისთვის გულდასაწყვეტი იყო. თუმცა, როგორც დეპუტატი აცხადებს, გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატურაა.

„რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის წასვლას, ჩემთვის ეს იყო პირადად გულდასაწყვეტი და აბსოლუტური უმრავლესობისთვის. რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას, ასევე თუ მაინცდამაინც ასე გადაწყვიტა ირაკლი ღარიბაშვილმა, მიმაჩნია, რომ ერთ–ერთი საუკეთესო კანდიდატურაა თავისი გავლილი გზიდან გამომდინარე და თავის კომუნიკაბელურობასთან ერთად”,-აღნიშნა მეჭიაურმა.

კითხვაზე იყო თუ არა კონსულტაციები ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან, თამაზ მეჭიაურმა ასეთი საუბრების არსებობა არ გამორიცხა.

“ვერ გეტყვით, ალბათ, გარკვეული დოზით იქნებოდა. არ არის ეს ისეთი უმნიშვნელო ფაქტი, რომ თუნდაც კონსულტაციები არ გაემართათ”, – აღნიშნა მეჭიაურმა.

ასევე კითხვაზე, აპირებს თუ არა ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ დარჩენას, მეჭიაურმა აღნიშნა, რომ რამდენადაც იცის, ის დროებით დასვენებას აპირებს.

“ეს მისი გადასაწყვეტია, მას ენერგიაც აქვს, ცოდნაც და უკვე გამოცდილებაც. ის როცა საჭიროდ ჩათვლის, ალბათ ჩაერთვება”, – აღნიშნა მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნა
შემდეგი სტატია“სამართლიანი სასამართლოს შესაქმნელად საქართველოში ბრძოლა გრძელდება “- პრეზიდენტი მურუსიძის დანიშვნაზე