კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 26, 2020 12:02

კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამედიცინო უნივერისტეტების უფროსკურსელები გადამზადდებიან და საჭიროების შემთხვევაში ექიმებს კოვიდის მართვაში დაეხმარებიან. ამის შესახებ მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ერთ კვირაში იქნება უფროსკურსელების ბაზა, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებენ.

„დღეს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან, გაივლიან სწრაფ კურსს იმისთვის, რომ შეიქმნას ერთგვარი სამედიცინო პერსონალის რეზერვი და საჭიროების შემთხვევაში, ისინი ჩაერთვებიან კოვიდის სამედიცინო მენეჯმენტში და დაეხმარებიან ჩვენს ექიმებს. მე დღეს ვხვდები სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებს, ასევე სამედიცინო ფაკულტეტების ხელმძღვანელებს. ამ პროცესს დავიწყებთ და მაქსიმუმ ერთ კვირაში უკვე გვექნება ეს ბაზა სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელების, რომლებმაც გაიარეს ეს სწრაფი ტრენინგი და საჭიროების შემთხვევაში იქნება სრული მზაობა, რომ ისინი ჩაერთონ პროცესში და დაეხმარონ ჩვენს ექიმებს.

მომზადების კურსი იქნება მრავალწახნაგიანი და სიტუაციიდან გამომდინარე, რაშიც დასჭირდებათ ჩვენს ექიმებს დახმარება, შესაბამისად, ჩვენი უფროსკურსელი სტუდენტები მათ ამაში დაეხმარებიან,“ – განაცხადა ჩხენკელმა.

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 26, 2020 12:02