კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და სასამართლო სისტემის რეფორმა – ეს ორი საკითხი ევროკავშირისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ამის შესახებ ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ევროკავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას ორ საკითხს აქცევს – კორუფციასთან ბრძოლასა და სასამართლო სისტემის რეფორმას. თუ ამ სფეროებში რეფორომები წარმატებით არ ხორციელდება, პროგრესის მიღწევა შეუძლებელია. კანონმდებლობა უუნაროა, თუკი მას არ ასრულებს სასამართლო. ვერანაირი რეგულაცია ვერ აანაზღაურებს კორუფციულ პრაქტიკას. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ისეთი ბიზნესგარემოს შექმნისკენ, სადაც მეწარმეობა ვითარდება და სადაც არის ეფექტიანი და ანგარიშვალდებული, ქმედითი საჯარო ადმინისტრირება”, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
ევროკომისარმა ყურადღება გაამახვილა თანამედროვე ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის მნიშვნელობაზე. იოჰანეს ჰანმა მცირე და საშუალო ბიზნესს თანამედროვე ეკონომიკის “ხერხემალი” უწოდა.