„კორუფცია უკვე პარლამენტში შემოვიდა“ – ენმ მარიამ ჯაშს ბრალს უყენებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, მარიამ ჯაში ლობირებს კანონპროექტს, რათა მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში მყოფმა უნივერსიტეტმა ავტორიზაციის პროცესი გაიაროს.
“კორუფცია უკვე პარლამენტის დარბაზში შემოვიდა, სადაც პარლამენტის წევრები საქართველოს მოქალაქეების და სახელმწიფოს ინტერესებს უნდა იცავდნენ. დღეს პარლამენტის დღის წესრიგში პირველ საკითხად შესულია კანონპროექტი, რომელსაც ლობირებს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, რათა მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში მყოფმა უნივერსიტეტმა გაიაროს ავტორიზაციის პროცესი. ვითხოვთ, უახლოეს დღეებში ფრაქციის სხდომაზე გამოცხადდეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, რომლსაც ასევე აქვს კერძო ინტერესები კერძო ბიზნესში, რომელიც განათლებას შეეხება. აგვიხსნან, რატომ გადაწყდა საქართველოში საგანმანთლებლო ინსტიტუტების არათანაბარ პირობებში ჩაყენება, მათი კერძო ინტერესების ლობირების ხარჯზე. ამით საფრთხე შეექმნა არა მხოლოდ განათლების ხარისხს, საფრთხე შეექმნა ვალდებულებებს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირთან აქვს აღებული – საქართველო სავარაუდოდ, ევროპულ სტრუქტურებში ვერ გაწევრიანდება მაშინ, როცა სახელმწიფო ასე აშკარად და უხეშად ერევა განათლების სფეროში, კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით “ნაციონალურმა მოძრაობამ” განათლების მინისტრი პარლამენტში დაიბარა, კერძოდ ფრაქცია განათლების მინისტრს სთხოვს სხდომაზე დაუსაბუთოს თუ რა მოტივით ხდება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათის, რომლებსაც ავტორიზაციის ვადა 2018/2019 წლებში გასდის/გაუვიდა, ავტორიზაციის ვადის 2020 წლამდე გადავადება და წარუდგინოს აღნიშნული უნივერსიტეტების სია.

მინისტრს, ფრაქციის სხდომაზე, მომდევნო კვირის ბოლომდე ელიან.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქი ყოველთვის ამბობდა, რომ ეკლესია არის აპოლიტიკური – წულუკიანი
შემდეგი სტატიაქუთაისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე „ქართული ოცნების“ და ,,ენმ”-ს წევრები დაკითხეს