კორონავირუსის საფრთხე – საქართველოში სწავლა არ შეწყდება

კორონავირუსის საფრთხე არ არის იმ ნიშნულზე რომ სკოლებში სწავლის პროცესი შეწყდეს. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ითქვა.
მათივე თქმით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების მიუხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტით და არც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით, დღეის მდგომარეობით, სასწავლო პროცესის შეჩერების საფუძველი არ არსებობს.

უწყების ინფორმაციით, პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს.

მოსწავლეთა ჯანმრთელობის, სასწავლო პროცესის ეფექტურობისა და სკოლებში ჯანმრთელი გარემოს შესაქმენლად, სამინისტროს მიერ სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების დასაცავად, სკოლებში მოთხოვნები კიდევ უფრო გამკაცრდება.

“ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ, სკოლების მონიტორინგის პროცესი უფრო ინტენსიური გახდება, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი გართულება. ამ მიზნით, სამინისტრო სკოლების ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა სკოლებში სათანადოდ უზრუნველყონ, რისთვისაც აუცილებელია, დაიცვან შემდეგი პირობები: სკოლა ყოველდღიურად დალაგდეს სველი წესით, საკლასო ოთახები, სხვა სასწავლო და დამხმარე სივრცეების დალაგება გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მოხდეს გაღებული ფანჯრების მდგომარეობაში, სკოლებში ორი ცვლის შემთხვევაში, დალაგდეს შენობა ორჯერ. ჩატარდეს შენობის გენერალური დასუფთავება, როგორც სარეცხი, ასევე სადეზინფექციო საშუალებებით“ ,- განაცხადეს განათლების სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ერთ მოქალაქეს კორონავირუსი ოფიციალურად დაუდასტურდა.

banner
წინა სტატიაში“პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – კორონავირუსზე 3 ადამიანს ამოწმებენ
შემდეგი სტატიაფოთელ გოგონას შიდა მოკვლევით ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნება