კომფორტის ზონიდან გამოვიდეს და რუსული კანონის დამტკიცებას შეეწინააღმდეგოს – კორძაია იოსელიანს

თამარ კორძაია საგანგებო ბრიფინგიდან სახალხო დამცველს მიმართავს – ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ომბუდსმენს მოუწოდებს, რომ კომფორტის ზონიდან გამოვიდეს და რუსული კანონის დამტკიცებას შეეწინააღმდეგოს.

დეპუტატი ლევან იოსელიანს მის უფლებამოვალეობას ახსენებს და განუმარტავს, რომ სწორედ სახალხო დამცველის ვალდებულებაა, რომ ადამიანთა უფლებები დაიცვას, რომელსაც “ოცნების” ინიციატივა მიზანმიმართულად უთხრის ძირს.

“მივმართავ საქართველოს სახალხო დამცველს. ვაცნობიერებ იმ ტვირთს, რაც ავიღე მისთვის ხმის მიცემისას და სწორედ ჩემი პასუხისმგებლობაა, გამოვიყვანო ის იმ კომფორტიდან, რომელიც აქვს ამ კანონთან დაკავშირებით. ბატონო ლევან, მოგმართავთ საჯაროდ, სახალხოდ და მოგიწოდებთ, რომ გამოხვიდეთ და ჩაატაროთ ბრიფინგი. მოუწოდოთ ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს კანონი, რომელთა დაკავშირებითაც სწორად სახალხო დამცველის რეკომენდაციით, ეუთოს დასკვნის თანახმად, დაირღვევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კონსტიტუციური უფლება, დაირღვევა გაერთიანების თავისუფლება. ეს კანონი ეწინააღმდეგება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის კანონიერების პრეზუმფციას. პასუხისმგებლობა, რომელსაც ითვალისწინებს ეს კანონი, არ შეიძლება, რომ მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში დარჩეს და აუცილებლად სასამართლოს მიერ უნდა იქნას მიღებული.

ბატონო ლევან, სწორედ სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე ეუთომ დაწერა 70-გვერდიანი დასკვნა. ყოველ გვერდში ის მიუთითებს იმას, რომ ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს და ეს კანონი არ არის საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის შესაბამისი. ამიტომ მოგიწოდებთ, გამოხვიდეთ. ეს არ არის პოლიტიკური შეფასების საკითხი. ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი. სახალხო დამცველის უპირველესი მოვალეობაა, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები პრევენციულად. ბატონო ლევან, გამოდით და მოუწოდეთ ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს ეს კანონი”, – ამბობს თამარ კორძაია.

banner
წინა სტატიაშიმმართველი პარტია, როგორც ჩანს, სრულიად მოწყვეტილია საქართველოს მოქალაქეების სურვილებსა და იმედებს – თომას ჰაკერი აქციას პირადად შეუერთდა
შემდეგი სტატიასაქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა 28 მაისიდან ამოქმედდება